„აღარ შემიძლია განზე დგომა...“ - რას ჰყვება ქალი, რომლის ფოტოებმაც მსოფლიო შეძრა

ორსული გოგო

9 მარტს, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო დაბომბეს. მარიანა ვიშემირსკაია, ის ორსული ქალია, რომლის ფოტოებიც მსოფლიომ ნახა და შეიძლება ითქვას, რომ ომის სიმბოლოდაც იქცა.

მარიანამ საზოგადოებას საკუთარი ისტორია უამბო:

„მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში დავბრუნდი, ჩემი მკითხველისგან უამრავი შეტყობინება მივიღე, რომლებიც მთხოვდნენ მეთქვა, როგორ ვიყავით ჩვენ. როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა ხდება ახლა ჩვენს ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ფიზიკურად არ მაქვს იმის უნარი, რომ ყველა შეტყობინება წავიკითხო. 

ჩემს ამბავს დავიწყებ იმ მომენტიდან, როდესაც დონეცკში ოჯახთან ერთად - მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ჩამოვედი. მარიუპოლიდან ევაკუაციის შემდეგ, პრიორიტეტი იმის უზრუნველყოფა იყო, რომ ბავშვის ჯანმრთელობა სრულყოფილად გამოგვეკვლია, რადგან სიცოცხლის პირველ დღეებში ისეთ პირობებში აღმოჩნდა, სადაც ექიმების მხრიდან დაკვირვება შეუძლებელი იყო. იმ საავადმყოფოს დერეფანში, სადაც ევაკუაციამდე ვცხოვრობდით, ტემპერატურა მხოლოდ 6 გრადუსი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ სანიტარიულ პირობებზე და ხალხის მუდმივ ნაკადზე. გარდა ამისა, საომარი მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, არ გვქონდა ინფორმაცია, კომუნიკაცია, ინტერნეტი, შეუძლებელი იყო იმის გაგება, თუ რა ხდებოდა შემდეგ...

დონეცკში გამგზავრებამდე ზუსტი სიმაღლე და წონაც არც კი ვიცოდით. უსაზღვროდ მადლობელი ვარ სამედიცინო პერსონალის, ვინც ჩვენ ბავშვს დაბადებაში დაეხმარა! ჩასვლის შემდეგ, პირველ დღეებში ყველა ექიმთან ვიყავით. სანამ, საბოლოოდ, დავხურეთ ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი საკითხი - ბავშვის ჯანმრთელობა, გადავედით მეორეხარისხოვანზე - ჩემს გამოკვლევაზე.

დამეწყო ჯანმრთელობის მცირე პრობლემები. ტემპერატურა ერთი თვის განმავლობაში ორჯერ ავიდა 40-მდე. ცოტა გამოჯანმრთელებულმა რამდენიმე ინტერვიუ მივეცი და უფრო ხშირად დავიწყე სოციალურ ქსელში გამოჩენა. 

ახლა, მე რეგულარულად მოვუყვები აუდიტორიას, თუ რა ხდება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მინდა ცოტა შევცვალო ჩემი პუბლიკაციების თემა. მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, ახლა ვეცდები გაგიზიაროთ ახალი გამოცდილება. ასევე, ვცდილობდი თავი შორს დამეჭირა სოციალური საკითხებისგან, მაგრამ, აღარ შემიძლია განზე დგომა და იგნორირება. ამიტომ, ჩემს აუდიტორიას გავუზიარებ ისტორიებს იმის შესახებ, რა ხდება ჩემს მშობლიურ ქალაქებში - დონეცსკსა და მარიუპოლში. ზოგადად, დონბასში, სადაც დავიბადე და საიდანაც წასვლას არ ვაპირებ. თუნდაც რთულ დღეებში,“ - წერს მარიანა ვიშემირსკაია.