ვიეტნამში, შტორმის დროს ტურისტული ნავი გადაბრუნდა, რასაც სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა - დარუპულთა შორის 8 ბავშვია

ვიეტნამი

 BBC-ის ინფორმაციით, ვიეტნამში, პოპულარულ ტურისტულ ადგილას – ჰა ლონგის ყურეში, შტორმის დროს, ტურისტული ნავი გადაბრუნდა, რასაც მინიმუმ 37 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევა შაბათს, დღის ორ საათზე მოხდა, როდესაც ამინდი მოულოდნელად გაუარესდა – წამოვიდა ძლიერი წვიმა და ამოვარდა ქარიშხალი.

ნავზე, სახელად Wonder Seas, სულ 53 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრთა უმეტესობა ვიეტნამელი იყო, რომლებიც დასასვენებლად ჰანოიდან ჩამოვიდნენ. ამ დროისთვის, გადარჩენილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 წლის ბიჭი.

მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის, სულ მცირე, რვა ბავშვია. სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ღამითაც გაგრძელდება. ვიეტნამის პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა ოჯახების მიმართ და დაჰპირდა საზოგადოებას, რომ მომხდარს დეტალურად გამოიძიებენ.

ჰა ლონგის ყურე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია და 2019 წელს მას ოთხ მილიონამდე ტურისტი ეწვია.