ტრამპმა, პირველ ლედისთან ერთად, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს იმ ბავშვების მხარდაჭერას, რომლებიც დროებით სხვა ოჯახების მეურვეობაში იმყოფებიან

მელანია და დონალდ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან ერთად ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს იმ ბავშვების მხარდაჭერას, რომლებიც დროებით სხვა ოჯახების მეურვეობაში იმყოფებიან.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბრძანება ახალგაზრდებს აღმზრდელი ოჯახების დატოვების პროცედურაში დაეხმარება და ისინი მეტ მხარდაჭერას მიიღებენ. ტრამპმა მადლობა გადაუხადა მელანიას მუშაობისთვის და თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ახალგაზრდები არასდროს დაივიწყონ.

„როდესაც ამერიკას კვლავ დიდებულს ვხდით, ჩვენ დავიცავთ აღზრდაში მყოფ ამერიკელ ბავშვებს და უზრუნველვყოფთ, რომ ისინი არასდროს, არასდროს დაივიწყონ. ისინი გაიზრდებიან წარმოუდგენლად ძლიერ, ჭკვიან, მდიდარ და პროდუქტიულ მოქალაქეებად. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო მელანიას იმ შესანიშნავი სამუშაოსთვის, რომელსაც ის აქ ასრულებს, არა მხოლოდ როგორც პირველი ლედი. ის შესანიშნავი პირველი ლედია. მინდა, მადლობა გადავუხადო აღმზრდელ ოჯახებს, რომლებიც დღეს აქ არიან. თქვენ განსაკუთრებული ადამიანები ხართ და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და აბსოლუტურად წარმოუდგენელ შედეგებს მივაღწევთ. დიდი მადლობა ყველას აქ ყოფნისთვის“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ინიციატივა მიზნად ისახავს დროებით აღმზრდელობაში მყოფი ახალგაზრდების ხელშეწყობას. კონკრეტულად კი ის ახალგაზრდებს განათლებას, საცხოვრებელს და კარიერულ შესაძლებლობებს სთავაზობს.