ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები - ასტროლოგები ასახელებენ
1762977761
მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატიული პარტიის წევრებმა გაასაჯაროეს სექსუალურ სკანდალში მხილებული მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი რამდენჯერმე არის ნახსენები, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრები შეხვედრას გეგმავენ. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეხვედრის მიზანია, განიხილონ სამოქმედო გეგმა, საკითხზე სავარაუდოდ შედგება კენჭისყრა.
„სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრაში მონაწილეობას აშშ-ის გენერალური პროკურორი პემ ბონდი, გენერალური პროკურორის მოადგილე ტოდ ბლანში და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კეშ პატელი მიიღებენ. ასევე, დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კოლორადოელი წევრი, ლორენ ბობერტი, რომელსაც იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნება სურდა და მათი გასაჯაროების მოთხოვნით კენჭისყრის ჩატარებას ითხოვდა.
„სიენენის“ ინფორმაციით, შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ თეთრ სახლში. მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს იუსტიციის დეპარტამენტშიც. „სიენენი“ წერს, რომ ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრის ჩატარების სურვილი ტრამპის ადმინისტრაციის შეშფოთებას უსვამს ხაზს. მედიის ინფორმაციით, იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტები, შესაძლოა, შეიცავდეს ისეთ დეტალებს, რომლებიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატიული პარტიის წევრების მიერ ჯეფრი ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერის გამოქვეყნებას თეთრი სახლი გამოეხმაურა. როგორც პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, „დემოკრატებმა ლიბერალურ მედიაში შერჩევითად გაასაჯაროეს ელექტრონული მიმოწერა, რათა შეექმნათ ყალბი ნარატივი პრეზიდენტ ტრამპის დისკრედიტაციისთვის“. კეროლაინ ლევიტმა აღნიშნა, რომ „ელექტრონულ მიმოწერაში მოხსენიებული „უსახელო მსხვერპლი“ გარდაცვლილი ვიქტორია გიუფრია, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპს მონაწილეობა არ მიუღია რაიმე დანაშაულში და ძალიან მეგობრული იყო მასთან მცირეხნიან ურთიერთობაში“.