1780955048
The Guardian: საფრანგეთმა და გერმანიამ ახალი სამხედრო თვითმფრინავის შექმნის ერთობლივი პროექტის განვითარება შეაჩერეს
საფრანგეთმა და გერმანიამ დაასკვნეს, რომ კომპანიები, რომლებიც ერთობლივი საბრძოლო თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობდნენ, შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შედეგად, პროექტი შეჩერდა, რაც სერიოზულ დარტყმას აყენებს ევროპის საერთო თავდაცვის გაძლიერების მცდელობებს. ინფორმაციას The Guardian-ი გერმანიის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა „ერთობლივად დაადგინეს, რომ კომპანიები შეთანხმებას ვერ შეძლებენ“. მისივე განცხადებით, „ორივე მხარე ამ რეალობას აღიარებს“.
როგორც გამოცემა იუწყება, მომავლის საბრძოლო საჰაერო სისტემის (FCAS) პროექტი მაკრონმა და მერცის წინამორბედმა, ანგელა მერკელმა 2017 წელს წამოიწყეს. პროექტის მიზანი იყო დაახლოებით 2040 წლისთვის საფრანგეთის Rafale-ის ტიპის და გერმანიისა და ესპანეთის მიერ გამოყენებული Eurofighter-ის გამანადგურებლების ჩანაცვლება.
თუმცა, როგორც გამოცემა წერს, 100 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტს თავიდანვე თან სდევდა უთანხმოება მონაწილე კომპანიებს შორის - ფრანგულ Dassault Aviation და ევროპულ საავიაციო-კოსმოსურ კონცერნ Airbus, რომელიც გერმანულ და ესპანურ ინტერესებს წარმოადგენდა. მხარეები ვერ თანხმდებოდნენ პროექტის ხელმძღვანელობასა და განვითარების პროცესის კონტროლზე.
გავრცელებული ინფორმაციით, Dassault Aviation-ი მოითხოვდა, რომ თვითმფრინავის განვითარების პროცესში წამყვანი პარტნიორის როლი მას ჰქონოდა, რათა საკუთარი ინტელექტუალური საკუთრება დაეცვა. ამის საპირისპიროდ, Airbus-ი უფრო თანასწორ პარტნიორობაზე ამყარებდა პოზიციას, რაც ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი გაზიარებასაც გულისხმობდა.
ასევე არსებობდა უთანხმოება თვითმფრინავის კონცეფციასთან დაკავშირებით. საფრანგეთი ერთიანი ევროპული მოდელის შექმნას ემხრობოდა, ხოლო გერმანია აცხადებდა, რომ მისი სამხედრო საჭიროებები განსხვავდებოდა. კერძოდ, ფრანგულ ავიაციას სჭირდება თვითმფრინავი, რომელსაც ბირთვული იარაღის ტარება და ავიამზიდებზე დაშვება შეეძლება, რაც გერმანიისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.











