სირიელი მეამბოხეები ალეპოში იერიშით შევიდნენ - საბრძოლო შეტაკებებში 255 ადამიანი დაიღუპა

alepo

სირიელი მეამბოხეები ალეპოში იერიშით შევიდნენ. საბრძოლო შეტაკებებში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა, 255 ადამიანი დაიღუპა. როგორც "დოიჩე ველე" წერს, მეამბოხე ძალები ასადის სამთავრობო ძალებს უპირისპირდებიან, რომელთაც, თავის მხრივ, ირანისა და რუსეთის მხარდაჭერა აქვთ.

საბრძოლო მოქმედებები ოთხშაბათს ისლამისტური დაჯგუფების, "ჰაიატ თაჰრირ ალ-შამის" მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყო. მათ შეუერთდნენ თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხე ძალები, რომლებიც საკუთარ თავს სირიის ეროვნულ არმიას უწოდებენ.

ალეპოში შესვლამდე მეამბოხე ძალებმა 50-ზე მეტ დასახლებაზე მოიპოვეს კონტროლი. გაერო-ს ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში 27 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. 14 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა.