რუსეთში, შესაძლოა, 40 წელს გადაცილებულ პირებს ჯარში მსახურების უფლება მისცენ

რუსული ჯარი

რუსეთმა შესაძლოა, 40 წელს გადაცილებულ პირებს ჯარში მსახურების უფლება მისცეს. მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ ორმა დეპუტატმა რუსეთის პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც უხსნის ასაკობრივ ზღვარს მამაკაცებს, რათა ხელი მოაწერონ კონტრაქტს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის შესახებ. ამის შესახებ BBC წერს.

ინიციატივის შენიშვნაში ნათქვამია: „საჭიროა მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მაღალი სიზუსტის იარაღის გასასროლად და იარაღისა და ჯავშანტექნიკის სამართავად და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ [ადამიანები] ასეთი სპეციალისტები ხდებიან 40-45 წლის ასაკში”.

როგორც გამოცემა წერს, ეს არის უახლესი ღონისძიება, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება იყენებს ჯარში მეტი მამაკაცის მოსაზიდად.

რუსეთის ხელისუფლებას 25 მარტის შემდეგ არ გამოუქვეყნებია ოფიციალური განახლებული სტატისტიკა ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის შესახებ .

რუსეთში სავალდებულოა სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკი ამჟამად 18-დან 27 წლამდეა. თუმცა, ბევრი მამაკაცი გათავისუფლებულია პროფესიის, განათლების სტატუსის ან ჯანმრთელობის გამო.