რომელ ქალაქში შეგიძლიათ იცხოვროთ ყველაზე იაფად და სად დაგიჯდებათ ცხოვრება ყველაზე ძვირი - რეიტინგი

ნიუ იორკი

ისეთ განვითარებულ ქალაქებში ცხოვრებას, როგორიც პირობითად ნიუ-იორკია, ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს, თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.  კონკრეტულ ქალაქში ცხოვრების სიძვირეს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის გადასახადები, ტრანსპორტირების ხარჯები, საქონლისა და მომსახურების ხელმისაწვდომობა, საცხოვრებელზე მოთხოვნა, ცხოვრების დონე, ასევე რამდენად კარგი დამსაქმებლები არიან ქალაქში არსებული ბიზნესები და ა.შ. ინფორმაცია BM.GE ავრცელებს.

Visual capitalist-მა გამოცემა The Economist-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი 2022 წლის მონაცემების მიხედვით საცხოვრებლად ყველაზე ძვირად ღირებულ და ყველაზე იაფიან ქალაქებს მოიცავს. საცხოვრებლად ყველაზე ძვირად ღირებული და იაფი ქალაქების რეიტინგის შესადგენად ეკონომისტებმა, 172 ქალაქში პროდუქტებსა და სერვისებზე არსებული ფასები გამოიკვლიეს.

რამდენადაც პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს თუ ქალაქში მცხოვრებთა უმეტესობას ისეთი პრობლემები აქვს, როგორიც მაგალითად საცხოვრებლისა და საკვების არქონაა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქალაქში ცხოვრება ძვირი ჯდება. ამასთან, თუ ინფლაციას მყარი ეროვნული ვალუტაც ემატება, ეს ნიშნავს რომ ქალაქი საცხოვრებლად კიდევ უფრო ძვირად ღირებულია.

კვლევაზე დაყრდნობით 2022 წლის ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქებს შორის პირველ ადგილს სინგაპური და ნიუ-იორკი ინაწილებდნენ. სინგაპურშიც და ნიუ-იორკშიც 2022 წელს მაღალი ინფლაცია იყო და ცხადია ამ ორ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ხარჯებიც გაეზრდებოდათ.

ეკონომისტების მიერ შედგენილ რეიტინგში მესამე ადგილს, ისრაელში მდებარე ქალაქი - თელავივი იკავებს. ინფორმაციისთვის: თელავივი ამავე რეიტინგში 2021 წელს პირველ ადგილზე იყო.

საცხოვრებლად ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქებს შორის რეიტინგის მეოთხე ადგილოსანი ქალაქი ჰონკონგია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ჰონკონგში უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია და რეიტინგში ჰონკოგნის მეოთხე ადგილი სწორედ ამ ფაქტით არის განპირობებული.

ჰონკონგის შემდეგ ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგში ათეულს ლოს-ანჯელესი, ციურიხი, ჟენევა, სან ფრანცისკო, პარიზი და კოპენჰაგენი ავსებენ.

გამოცემა ეკონომისტის მიერ შედგენილმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე იაფი ქალაქების სიაში პირველ პოზიციებს აზიის ქალაქები ინარჩუნებენ. აზიის შემდგომ კი ცხოვრება ყველაზე იაფი ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქალაქებში ჯდება. ეს კი, ამ ქალაქებში არამდგრადი ვალუტით, სუსტი ეკონომიკით და პოლიტიკური ან ეკონომიკური არეულობით აიხსნება.

სირიაში, ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტებმა სირიის ვალუტა გააუფასურა. კონფლიქტებმა ქვეყანაში მაღალი ინფლაცია და საწვავის დეფიციტი გამოიწვია. ამ ყველაფერმა ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო შეასუსტა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის რომ სირიის დედაქალაქი დამასკო საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე იაფიანია. ცხოვრება იაფი ჯდება ლიბიისა და ირანის დედაქალაქებში - ტრიპოლსა და თეირანში - ესეც ამ ქვეყნების სუსტი ეკონომიკებით აიხსნება.

საცხოვრებლად ყველაზე იაფიანი ქალაქების რეიტინგს, აზიის შვიდი ქალაქი ავსებს. მათ შორის არის ტაშკენტი, ალმაათი, კარაჩი, და კოლომბო. ამ ქალაქებს შემოსავლების უთანასწორობა და დაბალი ხელფასები გამოარჩევს - სწორედ ეს ფაქტი ხსნის იმას, რომ ჩამოთვლილ ქალაქებში ცხოვრება ყველაზე იაფი ჯდება.

წყარო: BM.GE

✕