Reuters: ევროკავშირი ტრამპის 25%-იანი ტარიფების დაწესებაზე მტკიცე და სასწრაფო რეაგირებას მოახდენს

ევროკავშირი

ევროკავშირი მტკიცე და სასწრაფო რეაგირებას მოახდენს თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობაში გაუმართლებელ ბარიერებზე. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ასე პასუხობს ევროკომისია შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 25%-იანი ტარიფი დააწესოს.

„ევროკავშირი მტკიცე და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის დაუსაბუთებელ ბარიერებზე, მათ შორის, როდესაც ტარიფები გამოიყენება სამართლებრივი და არადისკრიმინაციული პოლიტიკისთვის გამოწვევის შესაქმნელად“, - ციტირებს სააგენტო ევროკომისიის პრესსპიკერს.

გადაწყვეტილების შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა მთავრობის კაბინეტის პირველ სხდომაზე განაცხადა და ბრიუსელი შეერთებული შტატების მიმართ უსამართლო დამოკიდებულების გამო მკაცრად გააკრიტიკა.