რა ვიცით ირანელ სტუდენტზე, რომელმაც უნივერსიტეტის კამპუსში პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა

ირანელი სტუდენტი

ირანში, დააკავეს სტუდენტი გოგონა, რომელმაც აზადის უნივერსიტეტის კამპუსში წინ ტანსაცმელი გაიხადა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

ვიდეო გაავრცელა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მაც, სადაც ჩანს, რომ ქალი აზადის უნივერსიტეტის კამპუსთან ტანსაცმლის გარეშე ზის და თმები აქვს გაშლილი.

სოციალური ქსელები ასევე წერენ, რომ უშიშროების ძალებმა და პროსამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაცია „ბასიჯის“ წარმომადგენლებმა დაკავებულს ტანსაცმელი შემოახიეს. თუმცა ზოგიერთი თვითმხილველი ამტკიცებს, რომ სტუდენტმა ტანსაცმელი თავად გაიხადა.

სტუდენტმა გოგომ სწორედ ამ ფორმით გამოხატა წინააღმდეგობა ქვეყანაში არსებული მკაცრი, ჩაცმულობის კანონის მიმართ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტუდენტი პოლიციაში წაიყვანეს და მასთან შეწყდა კონტაქტი. ამასთან, უნივერსიტეტის წარმომადგენელმა თქვა, რომ დაკავებული ფსიქიკურად დაავადებულია და ის კლინიკაში გაგზავნეს.

უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ადვოკატთან და ოჯახთან ხელმისაწვდომობის გარანტია მოითხოვა.

სტუდენტის ვინაობა ამ დრომდე არ საჯაროვდება.

ცნობისთვის, 2022 წლის სექტემბერში ირანში სტუდენტი ქალი მაჰსა ამინი გარდაიცვალა. მორალის პოლიციამ იგი ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა, მოგვიანებით კი თქვა, რომ ქალიშვილს „გულის შეტევა ჰქონდა“. ამინის ახლობლები ამტკიცებენ, რომ მას პოლიციელებმა სცემეს.

ამინის სიკვდილის შემდეგ ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. საპროტესტო აქციები გაგრძელდა რამდენიმე თვის განმავლობაში და ირანის კონსერვატიული ხელმძღვანელობისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა. ასობით ადამიანი დაიღუპა შეტაკებებში, ათასობით დააპატიმრეს და რამდენიმე მომიტინგე სიკვდილით დასაჯეს.

გასული წლის ოქტომბერში ირანში გარდაიცვალა 17 წლის არმიტა გერავანდი. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მან ტრავმები მიიღო ჰიჯაბის უქონლობის გამო დაკავებისას. ოფიციალური ვერსიით, გერავანდს თეირანის მეტროში უცებ დაუვარდა წნევა, გონება დაკარგა, წაიქცა და მიიღო ტვინის ტრავმული დაზიანება, რამაც გამოიწვია ჰიპოქსია და ცერებრალური შეშუპება. ქალიშვილი საავადმყოფოში მოათავსეს და მან გარკვეული პერიოდი კომაში გაატარა.