პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თეთრი სახლის აპარატის უფროსი - სუზი უაილსი
ტრამპმა 8 ნოემბერს დააანონსა, რომ თეთრი სახლის აპარატის უფროსად მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, სუზი უაილსს დანიშნავს. 67 წლის უაილსი პირველი ქალი იქნება, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს.
წარსულში უაილსი რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო კამპანიაში მუშაობდა 1980 წელს, ხოლო 2018 წელს იგი რესპუბლიკელ გუბერნატორს, რონ დესანტისს, ფლორიდაში არჩევნების მოგებაში დაეხმარა. 2016 და 2020 წლის არჩევნებზე იგი ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიებში უფროსი მრჩეველი იყო.
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი - ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი
ტრამპის თქმით, მის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის ახალ დეპარტამენტს ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი უხელმძღვანელებენ.
ტრამპი ციტირებს მასკის სიტყვებს, რომ ”ეს შოკის ტალღებს გამოიწვევს სისტემაში უამრავი ადამიანისთვის, რომელიც მონაწილეობს სამთავრობო რესურსის ფლანგვაში". მათი მუშაობა დასრულდება არაუგვიანეს 2026 წლის 4 ივლისისა - წერს ტრამპი.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი - ჯონ რეტკლიფი
დონალდ ტრამპმა CIA-ის დირექტორის თანამდებობაზე ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი, ჯონ რეტკლიფი დაასახელა.
რეტკლიფი ეროვნული დაზვერვის თანამდებობას 2020 წლის მაისიდან, 2021 წლის იანვარში, ტრამპის მიერ თეთრი სახლის დატოვებამდე იკავებდა. მას შემდეგ, ის კვლევითი ცენტრის "ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის თანათავმჯდომარე იყო.
გაეროში აშშ-ს ელჩი - ელის სტეფანიკი
ტრამპმა გაეროში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური კონფერენციის თავმჯდომარე, ელის სტეფანიკი დაასახელა.
სტეფანიკი დიდი ხანია, რაც დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე და აშშ-ს რესპუბლიკური პარტიისთვის ფინანსების ერთ-ერთი მთავარი შემგროვებელია.
სახელმწიფო მდივანი - მარკო რუბიო
მოსალოდნელია, რომ ტრამპი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მარკო რუბიოს დანიშნავს.
გამოცემა New York Times-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ ტრამპი, როგორც ჩანს, აღნიშნული პოსტისთვის რუბიოს კანდიდატურაზე შეჯერდა, თუმცა, ჯერ კიდევ შესაძლებელია, მან აზრი შეიცვალოს.
თავდაცვის მდივანი - პიტ ჰეგსეტი
ტრამპმა თავდაცვის მდივნად Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი, პიტ ჰეგსეტი დაასახელა.
2012 წელს ჰეგსეტი მინესოტას შტატში სენატის წევრობისთვის საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, თუმცა, რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია საბოლოოდ კურტ ბილსმა მოიპოვა.
ამასთან, ჰეგსეტს სამხედრო სამსახურის ფარგლებში მონაწილეობდა, ავღანეთისა და ერაყის მისიებში. შემდეგ კი ხელმძღვანელობდა ორ ჯგუფს, რომელიც ვეტერანი სამხედროების უფლებებს იცავდა.
მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - მაიკ უოლცი
12 ნოემბერს ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენ მაიკ უოლცს დანიშნავს.
უოლცი კონგრესში პირველად 2018 წელს აირჩიეს, სადაც მან ფლორიდის ამჟამინდელი გუბერნატორი, რონ დესანტისი, ჩაანაცვლა. იგი ასევე მსახურობდა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და სადაზვერვო კომიტეტებში.
ისრაელში აშშ-ს ელჩი - მაიკ ჰაკაბი
ისრაელში ამერიკის ელჩად დონალდ ტრამპი არკანზასის ყოფილ გუბერნატორს, მაიკ ჰაკაბის, დანიშნავს.
ჰაკაბი ისრაელის მტკიცე მხარდაჭერად მიიჩნევა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ჰამასისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ მიმდინარე ისრაელის ომის ფონზე, აშშ-ს საგარეო პოლიტიკას ისრაელის ინტერესებს დაუახლოებს.
ახლო აღმოსავლეთში სპეციალური წარმომადგენელი - სტივ უიტკოფი
დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე უძრავი ქონების დეველოპერი, სტივ უიტკოფი, დაასახელა.
უიტკოფი ტრამპის დიდი ხნის მეგობარი და მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მსხვილი დონორია. სექტემბერში, ტრამპის მეორე მკვლელობის მცდელობის დროს, რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი უიტკოფთან ერთად თამაშობდა გოლფს.