1761851455
ქალმა ზურგის ტკივილის სამკურნალოდ რვა ცოცხალი ბაყაყი გადაყლაპა და საავადმყოფოში მოხვდა
ჩინელი მოხუცი ქალი საავადმყოფოში მოათავსეს მას შემდეგ, რაც ხერხემლის დისკის თიაქრით გამოწვეული ზურგის ტკივილის სამკურნალოდ რვა ცოცხალი ბაყაყი გადაყლაპა.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ჭორი, რომ ცოცხალი ბაყაყების გადაყლაპვა ზურგის ტკივილის შემსუბუქებაში დაეხმარებოდა, ქალმა, გვარად ჟანგმა, ნათესავებს სთხოვა, მისთვის რამდენიმე საშუალო ზომის ამფიბია დაეჭირათ, მაგრამ არ უთხრა, რას აპირებდა. ერთ დღეს მან ხუთი ცოცხალი ბაყაყი გადაყლაპა, მეორე დღეს კი კიდევ სამი. მალე მას მუცლის აუტანელი ტკივილი დაეწყო.
თავდაპირველად, ჟანგმა მუცელში მხოლოდ მცირე დისკომფორტი იგრძნო, თუმცა მომდევნო დღეებში ტკივილის ინტენსივობა გაიზარდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აღარ შეეძლო ატანა, მან ოჯახს უთხრა, რომ რვა ცოცხალი ბაყაყი გადაყლაპა. როდესაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა ჩაატარეს ანალიზები და გამორიცხეს სიმსივნის შესაძლებლობა, თუმცა მის ორგანიზმში ოქსიფილური უჯრედების ანომალიურად მაღალი რაოდენობა აღმოაჩინეს - ეს გარკვეული დაავადებების ნიშანია, როგორიცაა პარაზიტული ინფექციები ან სისხლის დარღვევები.
„ცოცხალი ბაყაყების გადაყლაპვამ პაციენტის საჭმლის მომნელებელი სისტემა დააზიანა და პარაზიტებს მის ორგანიზმში შეღწევის საშუალება მისცა“, - განუცხადა ექიმმა ჟურნალისტებს.
ქალი დაინფიცირდა Sparganum-ის ლენტისებრი ჭიით, პარაზიტით, რომელიც ხშირად გვხვდება იმ ადამიანებში, რომლებიც ცოცხალ ბაყაყებსა და გველებს ჭამენ ან კონტაქტში შედიან მათთან.
საავადმყოფოში ორკვირიანი ყოფნის შემდეგ, ქალბატონი ჟანგი სრულად გამოჯანმრთელდა და გაწერეს, თუმცა ექიმებს სურდათ, მისი შემთხვევა ხალხური საშუალებების რისკების შესახებ გამაფრთხილებელ მაგალითად გამოეყენებინათ.











