POLITICO: უფლებადამცველი ჯგუფები აკრიტიკებენ ბაიდენის გადაწყვეტილებას უკრაინისათვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემის შესახებ

ჯო ბაიდენი

უფლებადამცველი ჯგუფები აკრიტიკებენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას უკრაინისათვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემის შესახებ, - წერს ამერიკული გამოცემა POLITICO.

„ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები განურჩეველი მოქმედების იარაღია, რომელიც კლავს და ასახიჩრებს მშვიდობიან მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებს, ომის დასრულების შემდეგ თაობების განმავლობაში. ამ იარაღს არ შეუძლია განასხვავოს მშვიდობიანი მოქალაქეები და მებრძოლები, როგორც ამას მოითხოვს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“, - განაცხადა კონფლიქტებში სამოქალაქო პირების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰიშემ ხადრაუიმ.

Amnesty International-ის აშშ-ის განყოფილების მაღალჩინოსანმა, ბენ ლინდენმა განაცხადა, რომ შოკისმომგვრელია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო ასეთი სახიფათო გადაწყვეტილება.

ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ნაღმების სახეობა, რომლებსაც უკრაინას აწვდიან, არ არის მდგრადი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ის ინერტული ხდება.

160-ზე მეტმა ქვეყანამ ხელი მოაწერა 1997 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოებასა და გადაცემას. უკრაინა ხელშეკრულების ხელმომწერი სახელმწიფოა, თუმცა შეერთებული შტატები და რუსეთი არა.