პაველ ჰერჩინსკი: მოლდოვა და უკრაინა ძალიან, ძალიან წინ არიან საქართველოსთან შედარებით გაფართოების გზაზე. უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში, ორივე მათგანი დგას ევროკავშირში მალე გაწევრების გზაზე

პაველ ჰერჩინსკი

მოლდოვა და უკრაინა ძალიან, ძალიან წინ არიან საქართველოსთან შედარებით გაფართოების გზაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში, ორივე მათგანი დგას ევროკავშირში მალე გაწევრების გზაზე.

„სამწუხაროდ, საქართველოში ყველაფერს საპირისპიროს ვხედავთ. დღეს საქართველო გაცილებით შორსაა ევროკავშირში გაწევრებისგან, ვიდრე ორი წლის წინ, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიიღო“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების ფონზე, რომ უკრაინამ ყველა რეკომენდაცია შეასრულა და მზად არის გაერთიანებაში გაწევრებისთვის, ვრცელდება ცნობები კორუფციული სკანდალების შესახებ. თანამდებობიდან გაათავისუფლეს უკრაინის იუსტიციის მინისტრი. ანტიკორუფციული ბიუროს გამოძიებით, რომლის გაუქმებაც ზელენსკის სურდა, მტკიცდება, რომ კორუფციაში უკრაინის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. სკანდალშია გახვეული ზელენსკის ახლო მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი თემურ მინდიჩიც, რომელმაც საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე ქვეყანა დატოვა. ანტიკორუფციული ორგანოები მილიონი დოლარის მითვისებას ედავებიან ყოფილ ვიცე-პრემიერს. კორუფციული საქმიანობაში, ჯამში, რვა ადამიანია ეჭვმიტანილი, აქედან 5 უკვე დააკავეს, 2 კი, მათ შორის ზელენსკის ყულაბად წოდებული მინდიჩი, გაქცეულია.