პარიზის ოლიმპიადის პოსტერზე Les Invalides-ის კომპლექსის გუმბათიდან ჯვარი წაშალეს, ვინაიდან მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლოა საუდის არაბეთის ოლიმპიური დელეგაცია განთავსდეს - Daily Mail

პარიზის ოლიმპიადის პოსტერი

პარიზის ოლიმპიადის პოსტერზე Les Invalides-ის კომპლექსის გუმბათიდან ჯვარი წაშალეს, ვინაიდან მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლოა საუდის არაბეთის ოლიმპიური დელეგაცია განთავსდეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

საფრანგეთის დედაქალაქში არტ-დეკოს სტილში შესრულებული სარეკლამო პოსტერები უკვე გამოჩნდა. როგორც კონსერვატორების, ასევე, ლიბერალების მხრიდან Les Invalides-ის კომპლექსის გუმბათიდან ჯვრის წაშლას უკვე მოჰყვა კრიტიკა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ საფრანგეთი განიხილავს, Les Invalides-ის კომპლექსის ტერიტორიაზე საუდის არაბეთის ოლიმპიური დელეგაცია განათავსოს.

Les Invalides-ის ტერიტორიაზე დაკრძალულები არიან საფრანგეთის საზოგადო და სამხედრო მოღვაწეები, მათ შორის ნაპოლეონ I ბონაპარტი.

„ვინც ამ პოსტერის შექმნაზეა პასუხისმგებელი, მზად არიან, უარყონ საფრანგეთი და გააუქმონ მისი ისტორია“, - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ფრანსუა-ქსავიე ბელამიმ.

„რა აზრი აქვს ოლიმპიური თამაშების საფრანგეთში ჩატარებას, თუ ჩვენ ვმალავთ საკუთარ წარმომავლობას?“, - ამბობს პარტია „რეკონკისტას“ წევრი მარიონ მარეშალი.