ომის დაწყებამდე პუტინი სარაკეტო დარტყმით დამემუქრა - ჯონსონი

ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის ომამდე გამართული საუბრისას რუსეთის პრეზიდენტი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 ჯონსონის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან პუტინი გააფრთხილა, რომ ომი სრული კატასტროფა იქნებოდა, რუსეთის პრეზიდენტმა მას უპასუხა, რომ ბრიტანეთზე სარაკეტო დარტყმას „მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებოდა“.

„საუბრის ერთ მომენტში იგი დამემუქრა და მითხრა: ბორის, არ მინდა ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება“, - განაცხადა ჯონსონმა.

გარდა ამისა, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პუტინს უთხრა, რომ უკრაინაში შეჭრა სანქციებსა და რუსეთის საზღვრებთან ნატოს მეტი ჯარის განლაგებას გამოიწვევდა, თუმცა, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა მას არ მოუსმინა.