მოლდოვის ევროკავშირისკენ გზა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოლდოვისთვის, არამედ კონტინენტზე სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა დემოკრატიისთვის - მაია სანდუ

მაია სანდუ

რამდენიმე დღის წინ მოლდოველმა ხალხმა აირჩია მომავალი ევროკავშირში. მე ამაყი ვარ თითოეული მოლდოველით, რომელმაც დაიცვა დემოკრატია, ჩვენმა ხალხმა აჩვენა წარმოუდგენელი გამძლეობა დიდი გამოწვევების წინაშე, უცხოური ჩარევა, მოსყიდვის სქემები, რომელიც დევნილმა ოლიგარქებმა რუსული ფულებით დანერგეს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც ბუდაპეშტში იმართება.

როგორც სანდუმ განაცხადა, ყველაფრის მიუხედავად, მოლდოველმა ხალხმა აირჩია დემოკრატია, თავისუფლება და ევროპული მომავალი.

„მე დღეს აქ ვიმყოფები, რათა ევროკავშირის ლიდერებს ვესაუბრო მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე და ფაქტზე, რომ ჩვენ მეტი მხარდაჭერა გვჭირდება ჩვენი ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რათა უკეთ დავიცვათ მოლდოვის დემოკრატია. მოლდოველებს გვსურს, გადაწყვეტილებები მოლდოვისთვის თავად მივიღოთ და არა რუსული ფულით. მოლდოვის ევროკავშირისკენ გზა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოლდოვისთვის, არამედ კონტინენტზე სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. ყველამ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩვენი მომავალი ევროკავშირში ჩვენთვის მთავარი ამოცანაა“, – განაცხადა სანდუმ.