მიუნხენში, ნაციონალ-სოციალიზმის ისტორიის მუზეუმთან და ისრაელის საკონსულოსთან სროლის შემდეგ, პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი მოკლა

მიუნხენი პოლიცია

მიუნხენის ცენტრში პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი მოკლა. „ბიბისის“ ცნობით, სროლის ხმა ნაციონალ-სოციალიზმის ისტორიის ცენტრთან დილის საათებში გაისმა.

სამართალდამცავებმა ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილი დაჭრეს, ხოლო მოგვიანებით პოლიციაში განაცხადეს, რომ მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც სამართალდამცავ უწყებაში განმარტავენ, ამჟამად ინციდენტი ამოწურულია და მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ.

ცენტრი, სადაც ნაცისტური დიქტატურის ისტორიული დოკუმენტები ინახება, მდებარეობს მიუნხენის მაქსფორშტადტის უბანში, ისრაელის გენერალური საკონსულოს გვერდით.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სამხრეთ გერმანიაში ისრაელის გენერალურმა კონსულმა, თალია ლადორმა და აღნიშნა, რომ მიუნხენის პოლიციის მადლიერია. მისი თქმით, დღევანდელი ინციდენტი აჩვენებს ანტისემიტიზმის ზრდის საფრთხეს.

მანამდე პოლიციაში განაცხადეს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში ტერიტორია გადაკეტილი იყო. ხალხს სთხოვეს, გარიდებოდნენ ოპერაციის რაიონს, ხოლო საცხოვრებელ ან საოფისე შენობებში მყოფებს მოუწოდეს, დარჩენილიყვნენ შენობებში. ოპერაციაში ასევე საპოლიციო ვერტმფრენი იყო ჩართული.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ისტორიული დოკუმენტაციის ცენტრს მხარზე გადაკიდებული იარაღით მიუახლოვდა.

ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ინციდენტი 1972 წლის ოლიმპიადაზე მკვლელობების წლისთავზე მოხდა, როდესაც პალესტინელმა ტერორისტებმა მიუნხენში 11 ისრაელელი სპორტსმენი მოკლა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ მიუნხენში “სერიოზული ინციდენტი” მოხდა და რომ ისრაელის ობიექტების დაცვას უმაღლესი პრიორიტეტი აქვს მინიჭებულო

ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იოახიმ ჰერმანმა განაცხადა, რომ ინციდენტი დაკავშირებულია ნაციზმის ისტორიის მუზეუმთან, ისრაელის საკონსულოს, ასევე მის მახლობლად მდებარე Amerikahaus-სთან, სადაც აშშ-სთან ურთიერთობებისადმი მიძღვნილი გამოფენები და პროგრამები ტარდება.