მეტ გეტცმა, რომელიც ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

მეტ გეტცი

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, მეტ გეტცმა, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

„უსამართლო იქნებოდა გარდამავალ პერიოდში ყურადღების ჩემზე გადატანა. ჩემთვის სამუდამოდ იქნება დიდი პატივი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დამასახელა იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად და, დარწმუნებული ვარ, ის გადაარჩენს ამერიკას“, - აღნიშნა მეტ გეტცმა.

ოთხშაბათს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტმა, შეხვედრის შემდეგ, არ მიიღო გადაწყვეტილება სექსუალური შევიწროების საქმის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების შესაძლებლობის შესახებ, რომელიც კონგრესმენს უკავშირდება.

მანამდე NBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის კონგრესმენად მუშაობის დროს ეჭვმიტანილი იყო სექსუალურ შევიწროებაში, ნარკოტიკების მოხმარებასა და ქრთამის აღებაში.