მეცნიერები დედამიწაზე ჟანგბადის დონის მკვეთრი დაცემის სავარაუდო თარიღს ასახელებენ
1740592521
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონს ეწვია, სადაც შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართავს. კირ სტარმერს თეთრ სახლში უმასპინძლებენ.
ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იტყობინება.
ჟურნალისტებთან საუბრისას კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„გვინდა, ვიმუშაოთ თქვენთან, გვინდა, მოგესალმოთ ბრიტანეთში. ჩვენ გვინდა ახალი პარტნიორობა, რადგან ჩვენი ისტორია გვაჩვენებს, რომ, როდესაც ერთად ვმუშაობთ, დიდებული რაღაცები ხდება“, – თქვა კირ სტარმერმა.
რაც შეეხება უკრაინას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ლონდონი ერთობლივად მუშაობს ვაშინგტონთან უკრაინის საკითხზე.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა კირ სტარმერს, ენდოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბოლო კვირებში მომხდარი მოვლენების ფონზე, პრემიერ-მინისტრმა დადებითად უპასუხა.
„მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორც იცით, შევხვედრივარ მას, მისაუბრია ტელეფონით და ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს ხანგრძლივი ისტორიით, რომელიც ჩამოყალიბდა ერთად ბრძოლაში, ერთად ვაჭრობაში. როგორც ვთქვი, მსურს, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყველას სურს უკრაინაში მშვიდობიანი შედეგი, ხოლო ხანგრძლივი მშვიდობისთვის საჭიროა ეფექტური უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფა.
„მიზეზი, რის გამოც ვამბობ, რომ გარანტია ასეთი მნიშვნელოვანია, არის ის, რომ უსაფრთხოების გარანტია საკმარისად ძლიერი უნდა იყოს პუტინის შეკავებისთვის, რათა ხელახლა არ დაბრუნდეს. ჩემთვის შემაშფოთებელია, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტა გარანტიის გარეშე მოხდება, ეს უბრალოდ მისცემს მას საშუალებას, დაიცადოს და კვლავ დაბრუნდეს, რადგან მისი ამბიცია უკრაინასთან მიმართებაში, ვფიქრობ, ყველასთვის აშკარაა“, – განაცხადა კირ სტარმერმა.