კარაოკე ბარში მყოფი კაცი, რომლის შესრულებამაც გარშემომყოფების ყურადღება მიიქცია, Coldplay-ის სოლისტი, კრის მარტინი აღმოჩნდა

კრის

ლას-ვეგასის კარაოკე ბარში მყოფი კაცი, რომლის შესრულებამაც გარშემომყოფების ყურადღება მიიქცია, Coldplay-ის სოლისტი, კრის მარტინი აღმოჩნდა. როგორც უცხოური მედია წერს, ხანგრძლივი საკონცერტო ტურის შემდეგ მარტინმა დასვენება გადაწყვიტა და, გართობის მიზნით, კარაოკე ბარის სცენაზე პარიკითა და მისთვის უჩვეულო სტილით წარდგა.

მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად არავინ იცოდა, რეალურად ვინ იდგა სცენაზე, ნამღერმა შეკრებილების გაოცება გამოიწვია. როდესაც მარტინმა სიმღერის, All My Love-ის შესრულება დაამთავრა, უეცრად პარიკი მოიხსნა. ვინაობის გამჟღავნებას კი ბარში მყოფი ადამიანების მის გარშემო შემოკრება მოჰყვა.

როგორც Coldplay-ის სოლისტი billboard-თან ამბობს, ეს ადგილი მისი ერთ-ერთი საყვარელი კარაოკე ბარია და სურდა, სცენაზე ზედმეტი ოვაციების გარეშე, რიგითი ადამიანივით ასულიყო და ემღერა. ცნობისთვის, All My Love ჯგუფის მე-10 სტუდიურ ალბომში შედის, რომელიც 4 ოქტომბერს გამოვა.