იტალიის მთავრობამ უკრაინისთვის მეთორმეტე სამხედრო დახმარების პაკეტი მიიღო

იტალია

იტალიის მიერ უკრაინისთვის მეთორმეტე სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ სამინისტროთაშორისი დადგენილება ძალაში შევიდა. 14 ნოემბრით დათარიღებული დადგენილება იტალიის „ოფიციალურ გაზეთში“ გამოქვეყნდა.

დადგენილება, რომელსაც იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ მოაწერა ხელი საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებთან კოორდინაციით, „უკრაინის სამთავრობო ორგანოებისთვის სამხედრო მანქანების, მასალებისა და აღჭურვილობის გადაცემის“ უფლებამოსილებას იძლევა.

ამ აღჭურვილობის სია მოცემულია იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ შედგენილ გასაიდუმლოებულ დოკუმენტში. მისი შინაარსი ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, უსაფრთხოების მიზნით არც ახლა გამოქვეყნებულა.

როგორც დადგენილებაშია მითითებული, მანქანები, მასალები და აღჭურვილობა „მიმღებს უფასოდ გადაეცემა“.

ცნობისთვის, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მთავრობამ უკრაინაში 11 დახმარების პაკეტი გაგზავნა, რომელთა საერთო ღირებულება 2.5-დან 3 მილიარდ ევრომდე მერყეობს.

არაოფიციალური ინფორმაციით, იტალიამ კიევს SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი ბატარეა გადასცა. მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მე-12 პაკეტი შესაძლოა, 2025 წლის ბოლოსთვის ყოფილიყო მზად. გარდა ამისა, იტალიამ გამოთქვა სურვილი, შეუერთდეს ნატო-ს PURL-ის პროგრამას (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია), ევროპული სახსრების გამოყენებით ამერიკული იარაღის, კერძოდ, „პეტრიოტების“ რაკეტების შესაძენად.