ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა

ღაზა

ისრაელმა ღაზას სექტორში განლაგებულ ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასის“ სამიზნეები დაბომბა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

„ღაზას სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავები დღეს თავს დაესხნენ ქიმიური საწარმოსა და იარაღის საწარმოს ობიექტებს, რომლებიც ეკუთვნის ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ „ჰამასი“ ღაზას სექტორიდან მომდინარე ყველა ტერორისტულ ქმედებაზეა პასუხისმგებელი.

ცნობისთვის, გასულ კვირას ისრაელმა და „ჰამასმა“ სარაკეტო დარტყმები გაცვალეს. ეს მოხდა პალესტინელებსა და ისრაელის ჯარისკაცებს შორის შეტაკების შემდეგ, რომლის დროსაც სულ მცირე 10 პალესტინელი დაიღუპა.