ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს - ნეთანიაჰუს განცხადებით, ომი დაჯგუფების სრულ ლიკვიდაციამდე გაგრძელდება

ისრაელმა ღაზაში ტანკებით რეიდი განახორციელა

ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. სექტორის ჯანდაცვის უწყება ისრაელს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იერიშის სამიზნეში მოექცნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდებოდნენ. დაღუპულია, სულ მცირე 20 ადამიანი, 150 კი დაიჭრა.

ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ომი დაჯგუფების სრულ ლიკვიდაციამდე გაგრძელდება.

საგანგებო განცხადება გაავრცელა დაჯგუფება ჰამასმაც და პირობა დადო, რომ თუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას გამოსცემს, მას დაიცავს. ამის შესახებ ჰამასის ოფიციალურმა პირმა, ოსამა ჰამდანმა ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჰამდანის თქმით, ჰამასი გაათავისუფლებს ისრაელელ მძევლებს ღაზაში, თუ ისრაელი გაათავისუფლებს ყველა პალესტინელ პატიმარს.