ირანში, შესაძლოა, ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონი შეიცვალოს

ირანი

ირანის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონს გადახედავენ.

პროკურორის ცნობით, სამუშაო ჯგუფი პარლამენტის კულტურის კომისიას ოთხშაბათს შეხვდა და განხილვების შედეგები საზოგადოებას, სავარაუდოდ, ორ კვირაში ეცოდინება.

ჰიჯაბის კანონების მიხედვით, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მიიღეს, ყველა ქალი ვალდებულია, საჯარო სივრცეებში ეხუროს თავსაბურავი და ეცვას მოშვებული ტანისამოსი, რომელიც მის სხეულს დაფარავს. ირანის მორალის პოლიციას კი მათ შორის ევალება დარწმუნდეს, რომ ირანელი ქალები ამ კანონს ემორჩილებიან. კანონმდებლობის მიხედვით, ჰიჯაბის წესების დარღვევა ჯარიმას, დაკავებას ან გაროზგვას ითვალისწინებს.

ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მკვლელობას მოჰყვა - ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და სცემა, რის შედეგადაც ქალი 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ ირანის ქუჩებში ათასობით ქალი გამოვიდა. სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, დემონსტრანტები წვავდნენ ჰიჯაბებს, მათი მთავარი სლოგანი გახდა "ქალი, ცხოვრება, თავისუფლება". უსაფრთხოების ძალები პროტესტის ჩახშობას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება საგამოძიებო მისია, რომელიც ირანში სექტემბრის შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების ჩახშობის საქმეებს გამოიძიებს.