ინაუგურაციამდე ტრამპი თანამდებობებს ანაწილებს - როგორი იქნება ამერიკის ახალი პოლიტიკა

დონალ

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, შესაძლოა ინაუგურაციამდე მოახერხოს იმ სისხლის სამართლის საქმიდან თავის დაღწევა, რომელიც მისი პრეზიდენტობის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. მანჰეტენის ოლქის პროკურატურიდან სთხოვეს შტატის უზენაეს სასამართლოს, განიხილოს 34 მუხლით გასამართლებულ საქმეზე ყველა პროცედურის, მათ შორის სასჯელის გამოცხადების გადადება, ტრამპის პირველი ვადის დასრულებამდე. თავად დონალდ ტრამპი კი საქმის მთლიანად შეწყვეტას მოითხოვს. ის ყოველთვის თვლიდა, რომ პოლიტიკურად გაასამართლეს.

ვიდრე არჩეული პრეზიდენტის იურისტები სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას მუშაობენ, ქვეყნის გენერალური პროკურორის სავარძლის დასაკავებლად, ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პირი - ფლორიდის ყოფილი გენერალური პროკურორი ფემელა ბონდი ემზადება. მისი კანდიდატურის დასახელებას, სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე ზოგიერთი სპეციალისტის კრიტიკა მოჰყვა. შიშობენ, რომ ბონდის წარდგენით ირღვევა დიდი ხნის დამკვიდრებულ ნორმა, ქვეყნის უმაღლესი იურიდიული პირი, დამოუკიდებელი იყოს.

ფემელა ბონდი ტრამპის მეორე არჩევანია. თავდაპირველად დასახელებულმა პირმა, კონგრესმენმა მეთ გეთზმა, ერთკვირიანი პოლიტიკური ქარიშხლის შემდეგ შეთავაზებაზე უარი თქვა. იუსტიციის დეპარტამენტი, მის წინააღმდეგ, ადამიანთა ტრეფიკინგის და ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებებს იძიებდა. ცხადი იყო, რომ გეთზის დამტკიცებას სენატში წინააღმდეგობა ხვდებოდა და ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას, ტრამპმა მისი ფემელა ბონდით ჩანაცვლება არჩია.

59 წლის ბონდი, ტრამპის დიდი ხნის მოკავშირეა. პრეზიდენტის იურისტების გუნდის წევრი იყო და მას იმპიჩმენტის პროცესის დროს იცავდა, რომელიც სენატში მიმდინარეობდა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სისხლის სამართლის ყველა იმ საქმეს, რომელიც ტრამპის წინააღმდეგ აღძრეს.

არც სენატორს ქუნსს და არც სამართლის პროფესორ სეიმფლს ტელევიზიები შემთხვევით არ უხსენებიათ. ახალ კაბინეტს, საზოგადოებასთან სავარაუდოდ უკეთესი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, ვიდრე ტრამპის პირველი ვადის დროს იყო. შეერთებულ შტატებში ამჩნევენ, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის წევრები, ერთგულების გარდა, კიდევ ერთი ნიშნით შეარჩია და ეს სატელევიზიო ნიჭია. "ფოქს ნიუსის" 2 ვარსკვლავი ტრანსპორტის სამინისტროს და პენტაგონს უხელმძღვანელებს. ექიმი და სატელევიზიო შოუს წამყვანი მეჰმეთ ოზი მედიქეარის და მედიქეიდის სააგენტოს. კაბინეტის დასამტკიცებელი წევრების დიდი ნაწილიც, ტელევიზიების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, ან მათი ხშირი სტუმარი იყო.

შეერთებულ შტატებში დიდი ინტერესით ელოდებოდნენ, თუ ვინ ჩაიბარებდა ფინანსთა მინისტრის თანამდებობას. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც დონალდ ტრამპი იმპორტზე მაღალი ტარიფების დაწესებით იმუქრება. ფინანსთა სამინისტრო, მნიშვნელოვანი პოლიტიკური უწყებაა და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკურ ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა არჩევანი მილიარდერ ინვესტორ სქოთ ბესენთზე გააკეთა. "ქი სქუეარ ქეფითალ მენეჯმენთის" დამფუძნებელი ბესენთი, უოლ სთრითზე ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოკავშირე და მისი კამპანიის მსხვილი შემომწირველია. ის არჩეული პრეზიდენტის სატარიფო პოლიტიკას ემხრობა. გამოცდილი ფინანსისტია და საკმაოდ კარგი დიპლომატიც, უცხოელ კოლეგებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად. დამტკიცების შემთხვევაში ის იქნება პირველი გახსნილი გეი მინისტრი, რომელიც ამერიკის ამ უმნიშვნელოვანეს უწყებას უხელმძღვანელებს.

კიდევ ერთი კანდიდატი, რომლის წარდგენის შესახებაც კვირის ბოლოს გახდა ცნობილი, რას ვოთია - "პროექტი 2025-ის" არქიტექტორი, რომელიც მთავრობის რეფორმირების კონსერვატიული, საკამათო გეგმაა. რას ვოთი მმართველობის და ბიუჯეტის ოფისს უხელმძღვანელებს, რომელმაც პრეზიდენტის პოლიტიკის პრიორიტეტების დაფინანსება უნდა განსაზღვროს.