ჰონგ კონგის სასამართლომ დემოკრატიული მოძრაობის 45 აქტივისტს, რომლებსაც ბრალად ედებათ ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულება, პატიმრობა შეუფარდა

ჰონგ კონგის სასამართლომ დემოკრატიული მოძრაობის 45 აქტივისტს, რომლებსაც ბრალად ედებათ ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულება, პატიმრობა შეუფარდა

 

ჰონგ კონგის სასამართლომ დემოკრატიული მოძრაობის 45 აქტივისტს პატიმრობა შეუფარდა. ისინი დამნაშავედ ცნეს ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებაში. დაკავებულებს ოთხიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სასჯელის ყველაზე ხანგრძლივი ვადა – 10 წელი, იურისპრუდენციის ყოფილ პროფესორს, ბენი ტაის შეუფარდეს, რომელსაც ბრალი ედება „რევოლუციის მხარდაჭერაში“.

სწორედ მან გაუწია ორგანიზება 2020 წლის ივლისში არაოფიციალურ პრაიმერიზს მათ შორის, ვისაც იმავე წელს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღოთ. საბოლოოდ არჩევნები კოვიდპანდემიის გამო გაუქმდა, თუმცა პრაიმერიზში კანდიდატებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ნახევარ მილიონამდე ჰონგკონგელმა დააფიქსირა. ეს კი პეკინისა და ჰონგ კონგის მთავრობებში ხელისუფლების დამხობის მცდელობად აღიქვეს და აქტივისტები 2021 წლის დასაწყისში დააკავეს.

სასამართლო პროცესი ყველაზე გახმაურებული და მასშტაბური აღმოჩნდა პეკინის მიერ 2020 წელს შემოღებული ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, რომელიც ჩინეთმა 2019 წლის მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ დააინიციირა.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამ კანონმა მნიშვნელოვნად დაასუსტა დემოკრატიის მხარდამჭერი მოძრაობა და კანონის უზენაესობა, რითიც ჩინეთმა ქალაქზე კონტროლის განიმტკიცა.

აშშ-ში სასამართლო პროცესი „პოლიტიკურად მოტივირებულად“ შეაფასეს.

პეკინსა და ჰონგ კონგის მთავრობაში კი მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კანონი სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია და არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ კანონი ასუსტებს ავტონომიას.

მათივე აზრით, აქტივისტების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ერთგვარი გაფრთხილებაა იმ ძალებისთვის, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.