ფილიპინებში ტროპიკულ შტორმს 46 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაკარგულად ითვლება

ფილიპინებში ტროპიკულ შტორმს 46 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაკარგულად ითვლება

ფილიპინებში ტროპიკულ შტორმ „ტრამის“ 46 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 20 ადამიანი.

შტორმმა ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური რეგიონი ბიკოლი დააზარალა, სადაც სტიქიამ რამდენიმე ადგილას მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია.

სტიქიის შედეგად 240 ათასამდე ადამიანი საევაკუაციო ცენტრებს აფარებს თავს. გაუქმდა ათობით ავიარეისი. შეწყდა საზღვაო მიმოსვლა, რის გამოც 7 500-ზე მეტი მოქალაქე პორტებშია ჩარჩენილი. ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოსმა ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში დახმარების გაგზავნის განკარგულება გასცა.

ტროპიკული შტორმი „ტრამი“ ლუსონის კუნძულს ხუთშაბათს დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს აღწევდა. შტორმი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გადადგილდება და ვიეტნამისკენ მიემართება, თუმცა ფილიპინების ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ „ტრამი“ შეიძლება სანაპიროზე დაბრუნდეს. მომავალ კვირას ისევ ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი.