1728156496
ევროკავშირი გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე
ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ევროკავშირი გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე.
„ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. არსებობს საფრთხე, რომ თავდასხმებისა და მათზე საპასუხო ქმედებების სახიფათო ციკლი კონტროლს მიღმა აღმოჩნდეს. ევროკავშირი კვლავ ემხრობა რეგიონული ომის თავიდან აცილების მცდელობებს“, - წერს ბორელი.
გუშინ საღამოს ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ტერიტორიების მიმართულებით ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სხვადასხვა მონაცემით, მათი რაოდენობა 200-დან 500-მდე მერყეობდა. უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემამ მოიგერია. ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმას დიდ შეცდომას უწოდებს. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თეირანი ამისთვის საფასურს გადაიხდის.