დონალდ ტრამპი არის ერთადერთი ლიდერი მსოფლიოში, რომელსაც რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება შეუძლია - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი არის ერთადერთი ლიდერი მსოფლიოში, რომელსაც რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება შეუძლია. ამის შესახებ რუბიომ მთავრობის კაბინეტის შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ბევრ სხვა რამეზე აქვს ყურადღება გასამახვილებელი, ის ცდილობს ომის დასრულებას უკრაინაში.

„ეს არ არის ჩვენი ომი, ეს არ არის პრეზიდენტის ომი… ახლაც კი, როდესაც თქვენთან ვსაუბრობთ, სტივ უიტკოფი მოსკოვშია და ცდილობს, იპოვოს გზა ამ ომის დასასრულებლად“, – აღნიშნა რუბიომ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრა უკვე ორ საათზე მეტია, გრძელდება.