ახალი კვლევის თანახმად, იოგურტი, შესაძლოა, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებისგან გვიცავდეს
1740593369
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი უნდა დასრულდეს და მინერალური რესურსების შეთანხმება ამისკენ გადადგმული ნაბიჯია.
რუბიოს თქმით, მინერალების შესახებ შეთანხმება კარგი და მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარი მიზანი ომის დასრულებაა.
„პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ომის დასრულების შანსი თუ არსებობს, მას სურს ამ შესაძლებლობის გამოყენება. ამის შესახებ საარჩევნო კამპანიის დროსაც საუბრობდა. ამ ომს უაზრო, ძვირადღირებულ ომად მიიჩნევს“, – აღნიშნა რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.
ამასთან, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინასთან მინერალური რესურსების შეთანხმება თითქმის დასრულებულია.
„ჩემი ბოლო ინფორმაციით, ძალიან ახლოს ვართ ფინიშის ხაზთან“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
მარკო რუბიომ ინტერვიუში ასევე ისაუბრა, რა სარგებლის მომტანი იქნება მინერალების შესახებ შეთანხმება უკრაინისთვის.
„ეს კარგი შეთანხმებაა უკრაინისთვის. შეერთებული შტატები მათთან მუშაობს, რათა კონფლიქტის შემდეგ მათ შეძლონ თავიანთი ბუნებრივი რესურსების გამოყენება არა მხოლოდ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ვალის დასაფარად, არამედ უკრაინის ეკონომიკის განსავითარებლად. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი შეთანხმებაა მათთვის და სწორი გადაწყვეტილებაა ჩვენთვის“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
ამასთან, ჟურნალისტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კითხვა დაუსვა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რაზეც რუბიომ აღნიშნა:
„უსაფრთხოების გარანტია არის ის, რომ შეერთებული შტატები ახლა უკრაინელების პარტნიორია რაღაც მნიშვნელოვან საკითხში. ეს მოგვიტანს შემოსავალს, რომ ჩვენს გადასახადის გადამხდელებს დაუბრუნდეთ ფული, ასევე – უკრაინას, რომ განვითარდეს, მაგრამ უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიები, არამედ შემაკავებელი ფაქტორი. მათ სჭირდებათ ისეთი მდგომარეობა, რომ მომავალში ვინმესთვის ძვირი დაჯდეს მათზე თავდასხმა. ამაზე საუბარი შეიძლება და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ამერიკა. ევროპელები შეიძლება ამაში ჩაერთონ“.