აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გრანტების შემცირებას გეგმავენ

ილონ მასკი ვივეკ რამასვამი

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა ხელმძღვანელებმა, ილონ მასკმა და ვივეკ რამასვამიმ გაზეთ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გრანტების შემცირებას გეგმავენ.

ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილებებს დისკრეციული ხარჯების დიდი ნაწილის შესახებ იღებს არა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ან თუნდაც მის მიერ დანიშნული პირები, არამედ სამთავრობო უწყებებში არარჩეული საჯარო მოხელეები.

„ეს არის ანტიდემოკრატიული და დამფუძნებელი მამების ხედვის საწინააღმდეგო მიდგომა. ის გადასახადის გადამხდელებს უზარმაზარ პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს აკისრებს. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა პრობლემის გადასაჭრელად. 5 ნოემბერს ამომრჩევლებმა დამაჯერებლად აირჩიეს დონალდ ტრამპი ძირეული ცვლილებების მანდატით და ისინი იმსახურებენ ცვლილებების მიღებას“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ „ფესვგადგმული და მუდმივად მზარდი“ ბიუროკრატია წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს ამერიკისთვის.

„ჩვენ ვართ მეწარმეები და არა პოლიტიკოსები. ჩვენ ვიმუშავებთ როგორც გარე მოხალისეები და არა ფედერალური ოფიციალური პირები ან თანამშრომლები. სამთავრობო კომისიებისგან ან საკონსულტაციო კომიტეტებისგან განსხვავებით, ჩვენ უბრალოდ არ დავწერთ მოხსენებებს. ჩვენ შევამცირებთ ხარჯებს“, - აცხადებენ ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი.

„მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი დაეხმარება ფედერალურ ხელისუფლებას ზედმეტი ხარჯების შემცირებაში. ჩვენი სამიზნე იქნება 500 მილიარდი დოლარის წლიური ფედერალური დანახარჯები, რომელიც ავტორიზებული არ არის კონგრესის მიერ ან გამოიყენება ისე, როგორც ამას კონგრესი არასდროს აპირებდა. კერძოდ, 535 მილიონი დოლარი, რომელიც განკუთვნილია საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციისთვის, 1.5 მილიარდი დოლარის გრანტები საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, თითქმის 300 მილიონი დოლარის გრანტები პროგრესული ჯგუფებისთვის, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვის ფედერაცია (Planned Parenthood)“, - ნათქვამია სტატიაში.