აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამმართველომ კრემლის მიერ შეკვეთილი მკვლელობების შესახებ მოხსენება გაასაჯაროვა - „ბლუმბერგი“

კრემლი

„ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამმართველომ ნაწილობრივ გაასაჯაროვა.

დოკუმენტი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შეკვეთილი მკვლელობების შესახებ, რომელიც საზღვარგარეთ იყო ჩადენილი.

დოკუმენტში სახელწოდებით „კრემლის შეკვეთით მკვლელობები საზღვარგარეთ, სავარაუდოდ, გაგრძელდება“ ჩამოთვლილია რუსეთის ხელისუფლებისთვის არასასურველი ადამიანების სიკვდილის შემთხვევები, რომლებიც, აშშ-ის ვერსიით, შეიძლება, ჩაედინა რუსეთის სპეცსამსახურებს 2000 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის ივლისამდე.

„შეფასების თანახმად, პუტინის მიერ საზღვარგარეთ მკვლელობის შეკვეთის პირველი აშკარა შემთხვევა” მოხდა 2004 წელს კატარში. იქ რუსეთის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე ოფიცერი გაასამართლეს ჩეჩენი ლიდერის ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობისთვის, რომელიც აშშ-მა და გაერო-მ ტერორისტად აღიარეს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

„ბლუმბერგის“ მიხედვით, ჩეჩენი სეპარატისტისა და „იჩქერიის“ ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელის მკვლელობისთვის რუსეთის დაზვერვის ოფიცრები ანატოლი ბელაშკოვი და ვასილი ბოგაჩევი გაასამართლეს. მოგვიანებით, ისინი რუსეთს გადასცეს, მაგრამ უკვე 2005 წელს სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

„ბლუმბერგის“ მიერ მოპოვებულ ტექსტში ნახსენებია ლონდონში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრე ლიტვინენკოს რეზონანსული მკვლელობა, რომელიც აქტიურად აკრიტიკებდა პუტინს და აცხადებდა რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ 1999 წლის საცხოვრებელი სახლების აფეთქებებში. ბრიტანეთის ვერსიით, ლიტვინენკოს ჩაიში რადიოაქტიური პოლონიუმი შეურია სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ანდრეი ლუგოვოიმ და ბიზნესმენმა დმიტრი კოვტუნმა, რომელიც წარსულში რუსეთს დაზვერვის თანამშრომელი იყო.

აშშ-ის დაზვერვა დოკუმენტში ასევე ადასტურებს, რომ მკვლელობა კრემლის ბრძანებით იყო ჩადენილი.

დოკუმენტში სახელობით ჩამოთვლილია სხვა მაღალჩინოსნებიც, რომელთა მკვლელობის ბრძანებაც სავარაუდოდ კრემლის მეთაურმა გასცა. მათ შორის არიან რუსი ბიზნესმენის ალექსანდრ პერეპილიჩნი, რომელიც გავრცელებული ცნობით, 2012 წელს დიდი ბრიტანეთში ბიოლოგიური ტოქსინით მოკლეს და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, რომელიც 2004 წელს მოწამვლას ცოცხალი გადაურჩა.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვა ვარაუდობს, რომ ასეთ მკვლელობები პუტინის მიერ პირადად არის სანქცირებული და ეს მომავალშიც გაგრძელდება. რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში ბლუმბერგთან აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარის არ გააკეთა.