"არსებობს საგარეო დახმარების პროგრამები, რომლებთან დაკავშირებითაც გვაქვს კითხვები - ისინი არ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს და უნდა გაუქმდეს, ასევე არის პროგრამები, რომელთა შესახებაც მეტი უნდა ვიცოდეთ" – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

მარკო რუბიო

აშშ-ის საგარეო დახმარების პროგრამებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, – ამის შესახებ მარკო რუბიომ კოსტა რიკაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მიმდინარეობს საგარეო დახმარების პროგრამების სრული გადახედვა, თუმცა გარკვეული ტიპის დახმარებები გამონაკლისის სახით გაგრძელდება.

"რომელიმე ორგანიზაცია თუ იღებს დაფინანსებას შეერთებული შტატებიდან და არ იცის, როგორ მოითხოვოს გამონაკლისი, მაშინ მე მაქვს სერიოზული კითხვები ამ ორგანიზაციის კომპეტენციასთან დაკავშირებით, ან მეჩვენება, რომ ისინი განზრახ აკეთებენ ამას პოლიტიკური მიზნებისთვის. დიდი ხანია, მხარს ვუჭერ საგარეო დახმარებას და კვლავაც დავუჭერ მხარს, მაგრამ საგარეო დახმარება არ არის ქველმოქმედება. ის არსებობს შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების წინ წაწევისთვის. ყოველი დოლარი, რომელიც დაიხარჯება, ვიდრე მე ვარ სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტი ტრამპი არის თეთრ სახლში, იქნება დოლარი, რომელიც ემსახურება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. არსებობს პროგრამები, რომლებიც მუშაობს. ეს არის იმ ტიპის საგარეო დახმარება, რომელიც ჩვენ გვჭირდება. არსებობს პროგრამები, რომლებთან დაკავშირებითაც გვაქვს კითხვები, რომლებიც არ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს და ისინი უნდა გაუქმდეს და არის პროგრამები, რომელთა შესახებაც მეტი უნდა ვიცოდეთ", - განაცხადა რუბიომ.