ხრიკები იდეალური ფოტოს გადასაღებად - ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

ფოტოსესია

ყოველდღიურად ცნობილი ადამიანების უამრავ ფოტოს ვხედავთ სოციალურ ქსელებში. უმეტეს მათგანში ისინი შთამბეჭდავად გამოიყურებიან. არ იფიქროთ, რომ იდეალურები არიან, უბრალოდ ფოტოს გადაღების დროს მცირე ხრიკებს იყენებენ. ფოტოსთვის იდეალურად პოზირება ნამდვილად არ არის მარტივი და მას განსაკუთრებული ცოდნა და ვარჯიში სჭირდება. მოკლედ რომ ვთქვათ, იდეალური ფოტოს შექმნას უნარები და ცოდნა სჭირდება, მაგრამ პირველ ეტაპზე მარტივი წესების სწავლა ნამდვილად შესაძლებელია.

როგორ უნდა მოიქცეთ ფოტოს გადაღებამდე? რა წესები უნდა დაიცვათ პოზირების დროს და რა არ უნდა გააკეთოთ გადაღების დასრულების შემდეგ? 


პირველ რიგში, რა უნდა გავაკეთო?

განსაზღვრეთ, რომელია თქვენი სამუშაო პროფილი

ყველა ადამიანს აქვს ბუნებრივი არაპროპორციულობა, წლებთან ერთად კი შეიძლება შეძენილი ასიმეტრიაც განვითარდეს. სამუშაოდ მიიჩნევა სახის ის მხარე, რომელიც თქვენ ფოტოზე უფრო მოგწონთ. მისი განსაზღვრა კი ასე შეგიძლიათ: აიღეთ ქაღალდის ფურცელი, რომლითაც რიგრიგობით პროფილის ორივე მხარეს დაიფარავთ, გადაიღეთ ფოტოები და ერთმანეთს შეადარეთ. შესაძლებელია უფრო მარტივადაც: სახის მარჯვენა და მარცხენა მხარეები ცალ-ცალკე გადაიღეთ.

ამასთან, „სამუშაო მხარე“ და „ ფოტოსთვის საყვარელი პოზა და სახის გამომეტყველება“ ერთმანეთში არ უნდა აგერიოთ. ასევე თუ თქვენ ყოველთვის სხეულის ერთსა და იმავე მდებარეობას ან ერთსა და იმავე მიმიკას ამჯობინებთ, ეს არაბუნებრივად გამოიყურება.

იფიქრეთ განათებაზე

ფოტოს ყველაზე მეტად დღის სინათლე უხდება. ფოტოგრაფების საყვარელი პერიოდია დილა ან საღამო. მზის ჩასვლის განათება კი იდეალურია. შუადღის კაშკაშა სხივების ფონზე ფოტოს გადაღება ნამდვილად არ ღირს, რადგან სახეზე მკვეთრად კონტრასტული ჩრდილები გექნებათ. არ არის სასურველი, რომ სინათლის წყაროს პირდაპირ ან ქვეშ დადგეთ, რადგან ამ დროს სახეზე და თვალების ირგვლივ ზედმეტი ლაქები გაგიჩნდებათ. არასასურველი ჩრდილების თავიდან ასარიდებლად, თავი ოდნავ ასწიეთ და  სახე სინათლისკენ მიაბრუნეთ.

დაიცავით ფოტოგრაფიის უმარტივესი წესები

თუ თავად იღებთ ფოტოს, დააკვირდით, რას ახვედრებთ კადრში და როგორი იქნება კომპოზიცია. მესამე წესიც დაიმახსოვრეთ: კადრი აზრობრივად 9 ტოლ ნაწილად უნდა დავყოთ, ხაზების გადაკვეთის წერტილებში კი ძირითადი ობიექტები მოახვედროთ.

არ დაგავიწყდეთ თეთრი ბალანსის გასწორება, რომ ობიექტები, რომელთაც ჩვენ თეთრად ვხედავთ, ფოტოზეც იმავე ფერში გამოჩნდეს. ტელეფონის შემთხვევაში შეგიძლიათ დავაჭიროთ ეკრანის ნათელ ან უფრო მუქ ადგილს და ამის მიხედვით განვსაზღვროთ, რომელი კადრი იქნება უმჯობესი. 

როგორ მოვიქცე გადაღების დროს? 

სცადეთ, თვალებით ემოცია გადმოსცეთ

ყველაზე მთავარი რჩევაა: შეიყვარეთ კამერა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ არის არა ფოტოაპარატი, არამედ საყვარელი ადამიანი. ასე თქვენ დადებითი ემოციის გადმოცემას შეძლებთ.

გადაღებამდე თვალები დაახამხამეთ

ეს რჩევა მათთვის არის, ვისაც ფოტოზე თვალები ხშირად ეხუჭება. გადაღების დაწყებამდე თვალები რამდენჯერმე დაახამხამეთ, შემდეგ კი მკვეთრად გაახილეთ, თუმცა ძალიანაც ნუ დააჭყეტთ.

მიიღეთ თქვენთვის მოსახერხებელი და ბუნებრივი მდგომარეობა

ეცადეთ კალის გაშეშებულ ჯარისკაცს არ დაემსგავსოთ: არ ღირს, ხელების სხეულზე მიბჯენა ან ფეხების ერთმანეთზე მიტყუპება. თუ გინდათ, უფრო მოხდენილად გამოიყურებოდეთ, გვერდულად დადექით და ოდნავ მოხარეთ ის ფეხი, რომელიც კამერასთან უფრო ახლოს არის. სჯობს ქვედა ყბა და ტუჩები მოადუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი გამომეტყველება იქნება შებოჭილი, რაც არაბუნებრივად გამოგაჩენთ.

შეარჩიეთ რაკურსი

უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაზე დიდი და მოცულობითი გამოჩნდება თქვენი სხეულის ის ნაწილი, რომელიც ობიექტივთან უფრო ახლოს არის. აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის თქვენი მიზანი. ამ ხრიკის მეშვეობით შეგიძლიათ თქვენი ფიგურის გარკვეული ნაწილის ხაზგასმა ან პირიქით, დამალვა. მაგალითაად, იმისათვის, რომ უფრო მაღალი გამოჩნდეთ, საკმარისია ფოტოგრაფს სთხოვოთ ოდნავ ჩამოჯდეს და ფოტო დაბლიდან გადაიღოს. თუმცა ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, სხეულის პროპორცია დაირღვეს. მაგალითად, ნიკაპი შეიძლება უფრო მასიური გამოჩნდეს.

იმოძრავეთ

შეიცვალეთ მდებარეობა და სთხოვეთ ფოტოგრაფს, თან გამოგყვეთ. თუ თქვენ ფოტოს დოკუმენტისთვის არ იღებთ, მოძრაობაში გადაღებული სურათი ბევრად ბუნებრივია. სტატიკური პოზირება ხომ ბევრად რთულია. ფოტოგრაფმაც უნდა იმოძრაოს, რათა ფოტოები სხვადასხვა რაკურსითა და ხედით გადაიღოს. 


როგორ გადავიღო სელფი? 

 

პირველ რიგში, კამერა გაწმინდეთ

უბრალოდ შეგახსენებთ, რომ უმჯობესია, თუ წინა კამერაზე არ იქნება თითის ანაბეჭდები ან წვეთები.

 

ირგვლივ მიმოიხედეთ

მიმოიხედეთ, რა ხდება თქვენს ზურგს უკან. თუ თქვენი მიზანია მაქსიმალურად წარმატებული ავტოპორტრეტის გადაღება, უკანა ფონზე ნამდვილად არ გჭირდებათ სევდიანი ან უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. გამონაკლისია, როდესაც ეს ყველაფერი ავტორის კონცეფციის ან უწყინარი ხუმრობის ნაწილია.

 

შეარჩიეთ თავისა და სხეულის მდებარეობა

ცოტას თუ გამოსდის კარგი ფოტო მკაცრ ანფასში. ამიტომაც სახის შებრუნების ოპტიმალური კუთხეა 45 გრადუსი. სანამ ცდით, იქამდე შეგიძლიათ გაივარჯიშოთ კიდეც.

 

არ გადაიღოთ ფოტო ინსტაგრამის კამერით

ასე მხოლოდ ერთი ფოტოს გადაღებაა რეკომენდებული. უმჯობესია, სელფები ჩვეულებრივი კამერით გადაიღოთ, შემდეგ კი მისაღები ვარიანტი შეარჩიოთ.

 

თუ თქვენ ჯგუფურ სელფის იღებთ, ოპერატიულად იმოქმედეთ

იქამდე უნდა მოასწროთ სელფის გადაღება, სანამ ყველა კონცენტრირებულია. თუ პროცესი გაჭიანურდა, ადამიანები მოძრაობას დაიწყებენ და ყურადღება გაეფანტებათ. როგორც წესი, თქვენ ამ დროს რამდენიმე კადრს იღებთ, მაგრამ ნუ გექნებათ იმედი, რომ ყველა მოგეწონებათ.

გადაღების დასრულების შემდეგ შეგიძლიათ უბრალოდ დაისვენოთ ან დაიწყოთ იმ ფოტოების დამუშავება, რომელთაც საჭიროდ მიიჩნევთ. 

 

რა უნდა გავაკეთო აუცილებლად?

ფოტოს კადრირება აუცილებელია. ამისათვის კი მესამე წესი გაიხსენეთ. შეარჩიეთ ჰორიზონტი, თეთრი ბალანსი გაასწორეთ, სიმკვეთრე და კონტრასტულობა რამდენიმე პუნქტით შეცვალეთ. ეს ყველაფერი შეგიძლიათ ფოტოს დასამუშავებელ პოპულარულ აპლიკაციებში გააკეთოთ. ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან ჭარბი დოზით ხელოვნურობა აშკარად თვალში საცემია. თუმცა, მეორე მხრივ, გადანათებულ ან ძალიან ჩაბნელებულ ფოტოს მაინც ვერ უშველით. 


რა არ უნდა გავაკეთო? 

სასურველია, ფერები არ დააკორექტიროთ. ეს იმ შემთხვევას ეხება, როდესაც თქვენ ერთ ობიექტს აფერადებთ, სხვები კი ფოტოზე შავ-თეთრია. ფონს ფილტრის მეშვეობით ხელოვნურად ნუ გააბუნდოვნებთ. არ გაითეთროთ კბილები, არ გაიფერადოთ თვალები, არ ეცადოთ ნაკეცების, ნაოჭების ან ფერიმჭამელების კორექტირებას. თუ წელის დაწვრილებას შეეცდებით, ამას შესაძლებელია სხვა ობიექტების დეფორმაცია მოჰყვეს. არ ღირს, ფოტოზე არარსებული კომპონენტების მიხატვაც. მაგალითად, წამწამების გახშირება ან ხალის ჩამატება. 


რომელი აპლიკაციით ვისარგებლო? 

შესაბამისი ინსტრუმენტები თქვენს ტელეფონში უკვე არის. როგორც წესი, იქ შესაძლებელია ჰორიზონტის გასწორება და ფოტოს კადრირება. ფოტოს დასამუშავებელი ყველაზე მარტივი და პოპულარული აპლიკაციებია: Facetune (iOS  და Android ), VSCO (iOS და Android) და FaceApp (iOS და Android).