„შესაძლებლობების ფანჯარა" - ასე აფასებენ მმართველი გუნდის ოპონენტები ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართვას

ევროკავშირი

ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართვას აფასებენ ოპოზიციაში.

მმართველი გუნდის ოპონენტები გადადგმულ ნაბიჯს მიესალმებიან და ამბობენ, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა ქვეყანამ აუცილებლად კოორდინირებული მუშაობით უნდა გამოიყენოს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ქართველი ხალხის ბრძოლამ და თავისუფლების წყურვილმა შედეგი გამოიღო. მელია ევროპას სთხოვს მიიღოს ეს რეზოლუცია, რადგან საქართველოს ადგილი არის ევროპაში.

პარტია  „სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი თეონა აქუბარდია კი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ კოორდინირებულად უნდა იმუშაოს.

„ძალიან კარგია განაცხადს თუ გააკეთებს მთავრობა, მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციის პროცედურები უფრო მეტ ვადას ითხოვს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ასოცირების შეთანხმება და დემოკრატიულ რეფორმები სწრაფი ტემპით გავაკეთოთ იმისთვის, რომ დადებითი პასუხი მოჰყვეს," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

რაც შეეხება „ლელოს", პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია ამ ფაქტს შესაძლებლობების ფანჯარას უწოდებს, რომელიც ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

„საქართველოსთვის, ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან სწორი და შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ეს არის არა მხოლოდ საქვეყნო საქმე, არამედ ისტორიული საქმეც არის. ჩვენ შრომას არ დავიშურებთ არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ,"- აცხადებს გრიგოლ გეგელია.