რამდენად მდიდარი, რა პროფესიის და ასაკის რუსები შემოვიდნენ საქართველოში - კვლევა

მოგზაურები

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა ათასობით რუსმა დატოვა და ე.წ. „ტვინების გადინების“ პროცესმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მსხვილ მასშტაბს მიაღწია.

აშშ-ს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევითმა ქსელმა (Ponars Eurasia), რომელიც კონცენტრირებულია რუსეთსა და ევრაზიაში უსაფრთხოების, პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევაზე, სექტემბერში გამოაქვეყნა ანალიზი, სადაც განხილულია მიგრაციის პირველი ტალღის გრძელვადიანი ეფექტები და მახასიათებლები.

ანალიზი ეყრდნობა კვლევას, რომელიც 28 მარტისა და 4 აპრილის შუალედშია ჩატარებული. კვლევაში მონაწილეობა რუსეთიდან მიგრირებულმა 2,000-მა ადამიანმა მიიღო.

რესპონდენტების საშუალო ასაკი 32 წელს შეადგენს, მაშინ როდესაც რუსეთის მოსახლეობის საშუალო ასაკი 46 წელია. მათი უმეტესობა მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან და სხვა დიდი ქალაქებიდანაა. გამოკითხულთა 81%-ს აქვს უმაღლესი განათლება. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, 15%-ი ამბობს, რომ ნებისმიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლია, 27%-ს შეუძლია მანქანის, 46%-ს კი ძვირად ღირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა.

რაც შეეხება იმას, თუ რა მიმართულებით და რომელ ქვეყანაში ამჯობინებენ წასვლას მიგრანტები, ყველაზე მეტმა, გამოკითხულთა 24.9%-მა თურქეთს მიაშურა, მეორე ადგილზე კი 23.4%-ით საქართველოა.

რომელ ქვეყნებში განაწილდნენ პირველი ტალღის დროს მიგრირებული რუსები:

 

რესპონდენტთა 43% ამ ქვეყნებში დარჩენას აპირებდა, 18% სხვაგან გადასვლას, 35%-მა არ იცოდა, 3%-ი კი უკან დაბრუნებას გეგმავდა.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 45.4% ომამდე ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში იყო დასაქმებული, 15.8% მენეჯერი იყო, 15.7% ხელოვნებისა და კულტურის, 13.8% კი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მუშაობდა.

მათ ნახევარს დამსაქმებელ ორგანიზაციაში მუშაობის გაგრძელება სურდა, მეორე ნახევარს კი ან ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა ან სურვილი. სამსახურის დატოვება მათ ეკონომიკურმა ფაქტორებმა და რუბლის გაუფასურებამ აიძულა, არ სურდათ გადასახადების რუსეთის ბიუჯეტში გადახდა და ომის დაფინანსება ან ისედაც მოელოდნენ გათავისუფლებას.

ანალიზში პირველი ტალღის მიგრანტებთან დაკავშირებით რამდენიმე დასკვნაა გამოყოფილი: 1) ისინი რადიკალურად განსხვავდებიან რუსეთის მოსახლეობისგან უნარებით, პოლიტიკური შეხედულებებით და ეკონომიკური კეთილდღეობით. 2) პოლიტიკაში მონაწილეობას უფრო მეტად იღებენ, თუმცა მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო სხვა ქვეყნებში უკვე არსებულ რუსულ თემთან მათი ინტეგრირება ნაკლებად სავარაუდოა. 3) მოელიან დისკრიმინაციას საკუთარი მოქალაქეობის გამო და დაკარგული აქვთ მომავლის იმედი. 4) შესაძლოა ისინი ალტერნატიულ რუსეთზე წარმოდგენის წყარო გახდნენ