VIDEO: აღმოჩენილია მწერიჭამია მცენარეები, რომლებიც მსხვერპლის დასაჭერად ხაფანგებს მიწისქვეშ ზრდიან 

მეცნიერებმა კუნძულ ბორნეოს ინდონეზიურ ნაწილში მწერიჭამია მცენარის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს.

აღმოჩენილ სახეობას Nepenthes pudica უწოდეს. იგი წარმოადგენს დოქისებრ მწერიჭამია მცენარეს, რომელიც მსხვერპლს ისეთი გზით ჭამს, როგორც ბოტანიკოსებს ჯერ არ აღურიცხავთ.

სახეობა თავის 11 სანტიმეტრამდე სიგრძის დოქებს მიწისქვეშ ან პირდაპირ მიწაში ზრდის, სადაც ისინი სიღრუეებს წარმოქმნიან და იჭერენ მიწისქვეშ ბინადარ ცხოველებს, ძირითადად ჭიანჭველებს, ტკიპებს და ხოჭოებს.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცნობილი იყო სხვადასხვა გვარის მწერიჭამია მცენარეები, რომლებიც საკუთარ ხაფანგებს მიწისქვეშ ზრდიან, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი რამ დოქისებრი ხაფანგის მქონე მცენარეებში აღმოაჩინეს. საერთო ჯამში, მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა და შეისწავლა 17 ასეთი N. pudica, რომელთაგან მრავალს აღენიშნებოდა, რომ მსხვერპლი მათში უკვე დაშლილი და მონელებული იყო.

ამას გარდა, N. pudica საკმაოდ მაღალ ზონებში იზრდება, ზღვის დონიდან 1100 – 1300 მეტრზე მდებარე მთის ქედზე.

მეცნიერები სწორედ ამ გარემოებას მიიჩნევენ მცენარის ამ გზით განვითარების მიზეზად.

„ჩვენი აზრით, მიწისქვეშა სიღრუეს უფრო სტაბილური გარემო პირობები აქვს, მათ შორის ტენიანობა და შესაბამისად, მშრალ სეზონებზე იქ სავარაუდოდ უფრო მეტი პოტენციური მსხვერპლი უნდა იყოს“, - ამბობენ მკვლევრები.