გალაქტიკა

საოცარი სანახაობა, რომელიც ტელესკოპმა The Gemini North-მა დააფიქსირა - ფოტო

ტელესკოპმა The Gemini North ორი გალაქტიკის შეჯახება დააფიქსირა, რომლებიც მილიონობით წლის შემდეგ ერთმანეთს შეერწყმიან. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ტელესკოპი ჰავაიზე, მაუნაკეას მთაზე მდებარეობს და სპირალური გალაქტიკები ქალწულის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 60 მილიონი სინათლის წელიწადის მანძილზე დააფიქსირა. NGC 4567-ს და NGC 4568-ს პეპელა გალაქტიკებს უწოდებენ და მათ შეჯახება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს. ამ კოსმოსური სისტემების შერწყმა 500 მილიონი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ამ ეტაპზე მათ შორის მანძილი 20 ათას სინათლის წელს შეადგენს და ორივე გალაქტიკა საკუთარ ფორმას ჯერჯერობით ინარჩუნებს. დროთა განმავლობაში ისინი ერთმანეთს უფრო დაუახლოვდებიან და გრავიტაციის ძალა მათი საწყისი სტრუქტურების ცვლილებას გამოიწვევს.

მეცნიერების ვარაუდით, ანალოგიური შეჯახება ჩვენს ირმის ნახტომსაც ელის, რომელიც გალაქტიკა ანდრომედას შეეჯახება. NASA-ს სპეციალისტების გათვლით, ეს 4-5 მილიარდი წლის შემდეგ მოხდება.

მთავარი სიახლეები