მსოფლიოში პირველად, ავსტრალიამ MDMA მედიკამენტად დაამტკიცა

სოკოები

ავსტრალია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ფსილოციბინი და MDMA (ექსტაზი) მედიკამენტებად დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

თერაპიული პროდუქტის ადმინისტრაციამ (TGA) გამოაცხადა, რომ ივლისიდან დამტკიცებული მედიკამენტების გამოყენება იქნება შესაძლებელი. უფრო კონკრეტულად, MDMA-ის პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სამკურნალოდ მიმართავენ, ხოლო ფსილოციბინს დეპრესიის დასამარცხებლად გამოიყენებენ.

ამ ნაბიჯით ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა ფსიქოდელიური საშუალებები, როგორც მედიკამენტები.

ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სამეფო ფსიქიატრთა კოლეჯის პრეზიდენტმა, ასოცირებულმა პროფესორმა ვინაი ლაკრამ თქვა, რომ ისინი სიახლეს "ფრთხილად მიესალმებიან" და დააკვირდებიან ამ სფეროში მიმდინარე კვლევებს.

„ჩვენ უნდა გადავდგათ რამდენიმე პატარა ნაბიჯი და არ მივმართოთ ერთ გიგანტურ ნახტომს", - თქვა მან.

მისი თქმით, სანამ ჯერ კიდევ არსებობდა გარკვეული კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად გაამართლებდა ეს ყველაფერი, გათვალისწინებულ იქნა სხვადასხვა ფაქტორები.

ფსიქოდელიური ნივთიერებებით მკურნალობის დაწყებამდე ფსიქიატრებს დასჭირდებათ ადამიანის კვლევის ეთიკის კომიტეტის დასტური, შემდეგ TGA-ის ავტორიზაცია. ამ თანხმობის მისაღებად მათ უნდა წარადგინონ თავიანთი მკურნალობის მეთოდი, პაციენტის შერჩევის მიზეზი და შესაბამისი მტკიცებულებები. ასევე საჭირო იქნება პაციენტის მონიტორინგი.