მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ არ აღუდგა ყნოსვის შეგრძნება ზოგიერთ ადამიანს COVID-19-ის შემდეგ

ყნოსვა

კარგად არის ცნობილი, რომ COVID-19 გავლენას ახდენს ყნოსვაზე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ყნოსვის ფუნქცია სათანადოდ აღარ აღდგება. მიზეზი მკვლევრებმა უკვე ახსნეს.

ახალი კვლევის მიხედვით, ინფექცია SARS-CoV-2 განაპირობებს იმუნური სისტემის თავდასხმას ცხვირში არსებულ ნერვულ უჯრედებზე, რის შედეგადაც, ამ ნერვული უჯრედების რაოდენობა მცირდება და ადამიანს ძველებურად აღარ შეუძლია სუნის შეგრძნება.

ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გარდა, ახალი კვლევა ასევე გვეხმარება ხანგრძლივი კოვიდის უკეთ შესწავლაში, თუ რატომ ვერ შეძლო ზოგიერთმა ადამიანმა COVID-19-ისგან სრულად გამოჯანმრთელება.

„საბედნიეროდ, მრავალ ადამიანს, რომლებსაც ყნოსვის შეგრძნება ვირუსული ინფექციის მწვავე ფაზაში შეეცვალათ, ყნოსვა მომდევნო ერთ ან ორ კვირაში უბრუნდება, მაგრამ ზოგს არა. საჭიროა, უკეთესად გავიგოთ, რატომ კარგავენ ეს ადამიანები SARS-CoV-2-ით ინფიცირების შემდეგ ყნოსვას თვეობითა და წლობით“, — ამბობს ჩრდილოეთ კაროლინას დიუკის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი ბრედლი გოლდშტაინი.

მკვლევართა ჯგუფმა ცხვირის ქსოვილის - ყნოსვის ეპითელიუმის ნიმუშები შეისწავლა, რომლებიც 24 ადამიანისგან აიღეს; მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც COVID-19-ის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ ყნოსვის შეგრძნება დაკარგული.

დეტალური ანალიზის შემდეგ, მკვლევრებმა დააფიქსირეს დიდი ოდენობით T-ლიმფოციტი - სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი, რომელიც სხეულს ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება. სწორედ ეს T-ლიმფოციტები წარმართავდნენ ანთებით რეაგირებას ცხვირში.

თუმცა, ბევრი სხვა ბიოლოგიური რეაგირების მსგავსად, T-ლიმფოციტები ყნოსვის ეპითელიუმის ქსოვილს აშკარად უფრო მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე სარგებელი მოაქვთ. ანთების პროცესი ჯერ კიდევ აშკარა იყო იმ ქსოვილში კი, სადაც კორონავირუსი SARS-CoV-2 საერთოდ არ ფიქსირდებოდა.

„საოცარი აღმოჩენაა. ცხვირში მიმდინარე ავტოიმუნურის მსგავს პროცესს წააგავს“, — ამბობს გოლდშტაინი.

კვლევის იმ მონაწილეებში, რომლებსაც ყნოსვა ჰქონდათ დაკარგული, ყნოსვის აღმქმელი ნეირონების დონე დაბალი იყო, მაგრამ მკვლევრები ამბობენ, რომ როგორც ჩანს, ზოგიერთ ნეირონს მაინც შეეძლო აღდგენა T-ლიმფოციტების შეტევის შემდეგაც კი.

მკვლევართა ვარაუდით, ასეთივე ანთებითი ბიოლოგიური მექანიზმები უნდა იდგეს ხანგრძლივი კოვიდის სხვა სიმპტომების მიღმაც, მათ შორის, ზედმეტი დაღლილობის შეგრძნების, სუნთქვის უკმარისობისა და „ტვინის დაბინდვის“, რაც ადამიანს კონცენტრირებაში უშლის ხელს.

ამის შემდეგ, ჯგუფს უფრო დეტალურად სურს შეისწავლოს, ქსოვილის რომელი კონკრეტული ზონა ზიანდება და რა ტიპის უჯრედებია ამაში ჩართული. ეს კი თავის მხრივ, ყნოსვის გრძელვადიანი დაკარგვის საწინააღმდეგო შესაძლო პრეპარატთა შექმნას გააადვილებს.

მომზადებულია dukehealth.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა