კვლევა, რომელიც კორონავირუსის დაწყების დროსთან დაკავშირებით აქამდე არსებულ ინფორმაციას თავდაყირა აყენებს

kovidis kvleva

ქალაქ მილანის კიბოს ეროვნული ცენტრის (National Cancer Institute ) ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალი კორონავირუსი იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან ცირკულირებდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იტალიელი მკვლევრების დასკვნით, 959 ჯანმრთელი მოხალისიდან, რომლებიც 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მარტამდე ფილტვის კიბოს სკრინინგის კვლევაში მონაწილეობდნენ, 11,6 პროცენტმა კორონავირუსის ანტისხეულები თებერვლამდე დიდი ხნით ადრე გამოიმუშავეს.

ამავე კვლევისთვის, სიენის უნივერსიტეტმა SARS-CoV-2-ის ანტისხეულების ტესტირება ჩაატარა, სახელწოდებით – „SARS-CoV-2-ის ანტისხეულების მოულოდნელი გამოვლენა იტალიაში პრეპანდემიურ პერიოდში“.

სიენის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ტესტირების მიხედვით,  ოქტომბრის პირველი კვირაში დაკვრივების ქვეშ მყოფი 4 პაციენტის შემთხვევაში, ანტისხეულების ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

“კვლევის მონაწილეების ორგანიზმში ვირუსის ანტისხეულები აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სექტემბერში დაინფიცირდნენ”, – ნათქვამია სიენის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსი და მისგან გამოწვეული რესპირატორული დაავადება ჩინეთის ქალაქ უჰანში ვირუსის ეპიდემიის აფეთქებამდე (დეკემბერი) უცნობი იყო.

შეგახსენებთ, რომ იტალიის პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი 2020 წლის 21 თებერვალს მილანის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში, ლომბარდიის ჩრდილოეთ რეგიონში აღმოაჩინეს.