„ის, რასაც ვყნოსავთ, ჩვენს ემოციებზე პირდაპირ მოქმედებს“ - როგორ მოქმედებს ქალის ცრემლების სუნი კაცზე

tirili

ყნოსვის შესახებ კვლევებს დღეისათვის ჯერ კიდევ მოკრძალებული ნიშა უჭირავს. თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ ჩვენ არა მხოლოდ მუდმივად ვყნოსავთ საკუთარ თავსა და სხვებს, არამედ ის, რასაც ცხვირით ვგრძნობთ, ჩვენს ქცევაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს.

სხეულის სუნისა და ადამიანის ქცევის საკითხების ურთიერთმიმართების შესწავლაში განსაკუთრებული როლი ანთროპოლოგმა პოლ ბროკამ შეასრულა. მან ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ადამიანებს განუვითარებელი ყნოსვა მიაწერა, რაც მაშინ კომპლიმენტად ითვლებოდა: ბოლოს და ბოლოს, ვისაც აქვს ინტელექტი და თავისუფალი ნება, სუნის სახით ინფორმაციის წყარო სავსებით არ სჭირდება! 

„ყნოსვა ადამიანის აღქმის სისტემის უძველესი გრძნობაა და პირდაპირ კავშირშია ლიმბურ სისტემასთან. სწორედ ეს არის ტვინის ის არეალი, სადაც ემოციები მუშავდება“, - განმარტავს მეცნიერი. შესაბამისად, ის, რასაც ვყნოსავთ, ჩვენს ემოციებზე პირდაპირ მოქმედებს. სწორედ ამ გზით სუნი გვეხმარება, საკუთარი გრძნობები და ქცევები ვაკონტროლოთ.

ისრაელელმა ნეირობიოლოგმა ნოამ სობელმა თავის კვლევაში აღწერა, რომ ქალის ცრემლების სუნი კაცში ტესტოსტერონის დონის დაცემას იწვევს, რასაც მათი უმეტესობის სექსუალური აღგზნებადობის შემცირება მოჰყვება. ცრემლები შეიცავს ქიმიურ სიგნალს, რომელიც ადამიანზე მოქმედებს და მას ქვეცნობიერად სწორედ ყნოსვით აღვიქვამთ. ანალოგიურად - გაუცნობიერებლად, სხვა ადამიანების სხეულის სუნის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ შიში, აგრესია, სტრესი და ბედნიერება. პარტნიორის არჩევაც სწორედ ცხვირის მეშვეობით ხდება და მეგობრობაც იწყება არა ღიმილით, არამედ - სხეულის სუნით. 

ნოამ სობელის კოლეგამ, ვაიცმანის მეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ინბალ რავრებიმ ამ თემაზე ახლახან კვლევა გამოაქვეყნა. "ცნობილია, რომ მეგობრები ხშირად ერთმანეთს ბევრ ასპექტში  ჰგვანან - როგორც ხასიათით, ხშირად - გენეტიკურადაც. ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, ვართ თუ არა ჩვენ მიდრეკილნი, დავმეგობრდეთ სწორედ იმ ადამიანებთან, რომელთა სხეულის სუნიც ჩვენსას ჰგავს", - ამბობს ის.

მეცნიერებმა შეისწავლეს სხეულის სუნი იმ ადამიანებისა, რომლებიც მეგობრები იყვნენ და დაადგინეს, რომ ახლო მეგობრებს ერთნაირი არომატი აქვთ. შემდეგ მკვლევრებმა ისიც თქვეს, რომ სხეულის სუნი მეგობრების შერჩევაში უმნიშვნელო როლს ასრულებს. მათ ამ მიმართულებით კვლევა გააგრძელეს და სხვადასხვა  სხეულის სუნის გაანალიზებით შეეცადნენ დაედგინათ, თუ როგორ და რატომ წარმოიშობა ადამიანებს შორის "ქიმია".

ამის დასადგენად მეცნიერებმა ე.წ. „თამაში სარკეში“ გამოიყენეს. ამ ექსპერიმენტში ორი ადამიანი ერთმანეთის საპირისპიროდ  დგას და ისინი ცდილობენ, ხელების მოძრაობების სარკისებურად განმეორებას, მაგრამ საუბრის უფლება არ აქვთ. რაც უფრო უკეთ ესმით ადამიანებს ერთმანეთის, მათ შორის „ქიმიაც“ მეტია და შესაბამისად, მათი მოძრაობები სულ უფრო ჰარმონიული ხდება.

„პროგნოზი სწორი აღმოჩნდა 71%-ის შემთხვევაში“, - აჯამებს რავრები. სხეულის სუნის ამ დონის გავლენამ თავად მკვლევარიც კი გააკვირვა. სხვათა შორის, არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანები ერთნაირ საპონს ან სუნამოს იყენებენ თუ არა. რავრების განმარტებით, ეს ყველაფერი სხეულის სუნზე გავლენას ახდენს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს, თითის ანაბეჭდის მსგავსად, უნიკალური სუნი  აქვს. ”სინამდვილეში, ჩვენ მოგვწონს შამპუნის ან სუნამოს სურნელი, როდესაც ის ჩვენი სხეულის სუნის კომპონენტებს უსვამს ხაზს”, - ამბობს მეცნიერი.