აღმოჩენილია გიგანტური მტაცებელი ფრინველის ნამარხი, რომელიც სიმაღლეში სამ მეტრამდე აღწევდა

აღმოჩენილია გიგანტური მტაცებელი ფრინველის ნამარხი

ამ ხორცისმჭამელი ფრინველის შესახებ მხოლოდ მისი წვივის ძვლის ფრაგმენტის საფუძველზე ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ, ის უდიდესი უნდა ყოფილიყო ამ სახის ფრინველთა შორის.

ფორორაციდისებრთა წარმომადგენელი ეს „ტერორის ფრინველები“ დაახლოებით 12 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ თანამედროვე კოლუმბიის ტერიტორიაზე, ტატაკოას უდაბნოში, მანქანის ზომის ჯავშნოსან არმადილებს, გიგანტურ ზარმაცებსა და ხმალკბილა ჩანთოსან ნათესავებთან ერთად.

ცოტა ხნის წინ შესწავლილი ნამარხი მიუთითებს, რომ ეს ეგზემპლარი თავის ნათესავებზე დიდი იყო, სიმაღლეში 1-დან 3 მეტრამდე.

ნამარხს ასევე აქვს ნიშნები იმისა, თუ როგორ მოკვდა ეს კონკრეტული ეგზემპლარი — კიდევ უფრო საშინელი მტაცებლის ყბებში.

არგენტინის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის ევოლუციურმა ბიოლოგმა, ფედერიკო დეგრანგმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ფრინველის წვივის ძვალს ნიანგების უძველესი ნათესავის, პურუზავრის კბილების კვალი ამჩნევია; ეს მტაცებელი სიგრძეში ცხრა მეტრამდე იზრდებოდა.

„ჩვენი აზრით, ტერორის ფრინველი ამ ნიანგისებრმა მოკლა 12 მილიონი წლის წინ“, — ამბობს ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი სიობან კუკი.

წინა აღმოჩენებიდან ვიცით, რომ ფორორაციდისებრებს მასიური ნისკარტი ჰქონდათ, რაც მათ ზედმეტად საშინელ გამოხედვას აძლევდა. თავის ქალის ანატომიასთან ერთად, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ისინი ეფექტიანი მტაცებლები იყვნენ.

„ტერორის ფრინველები ხმელეთზე ბინადრობდნენ, ჰქონდათ სირბილზე მორგებული კიდურები და ძირითადად სხვა ცხოველებით იკვებებოდნენ“, — აღნიშნავს კუკი.

ჩვენდა საბედნიეროდ, ფორორაციდისებრები ადამიანთა გამოჩენამდე ბევრად ადრე გადაშენდნენ.

ძვლის ფრაგმენტი მეტყველებს, რომ ეს ცხოველი 30 პროცენტით უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩვენთვის აქამდე ცნობილი ფორორაციდისებრთა სხვა ეგზემპლარები. მკვლევართა ჯგუფი ეჭვობს, რომ ის შეიძლება ახალი სახეობა ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩენილი ძვლების სიმწირე მაინც ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ ის შეიძლება ადრე აღმოჩენილ სხვა ტერორის ფრინველებს მიეკუთვნებოდა, მაგალითად, ტიტანისს.

ძვლის ნაშთები ტატაკოას უდაბნოში ნამარხების შემგროვებელმა იპოვა და წარმოადგენს სამხრეთ ამერიკაში ამ დროისათვის ყველაზე ჩრდილოეთით აღმოჩენილ ფორორაციდისებრს. შუა მიოცენის ეპოქაში, იქამდე, ვიდრე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა ერთმანეთს შეუერთდებოდა, ეს ზონა მწვანეში ჩაფლული ტროპიკული რეგიონი იყო.

როგორც წესი, ასეთი გარემო პირობები ხრწნას უწყობს ხელს და ამცირებს განმარხების შანსს. მკვლევართა აზრით, ამ რეგიონში ფორორაციდისებრთა ნამარხების სიმწირე შეიძლება იმაზეც მიუთითებდეს, რომ ეს სახეობა შეიძლება უმაღლეს მტაცებელთა რიგებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც გაცილებით დაბალი სიმჭიდროვით სახლობენ, ვიდრე მათი მსხვერპლები.

„ის ფაქტი, რომ ფორორაციდისებრთა აბსოლუტური უმეტესობა სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილშია აღმოჩენილი და ის, რომ ბოლო პერიოდში ისინი ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილის პლიოცენის ეპოქის დანალექებშიც გამოჩნდნენ, მიუთითებს, რომ ტერორის ფრინველები სამხრეთამერიკული წარმოშობის იყვნენ“, — წერენ მკვლევრები.

ეს კონკრეტული ნამარხი თითქმის 20 წლის წინ აღმოაჩინეს და ამჟამად ის 3D სკანირებით შეისწავლეს.

ფორორაციდისებრთა დღევანდელი უახლოესი ნათესავები ამ გიგანტური მონსტრებისგან რადიკალურად განსხვავდებიან — არიან პატარები, გრძელფეხება, კოხტა ფრინველები, მაგალითად, წითელფეხება კარიამა (Cariama cristata).

არამფრენ დინოზავრთა გადაშენების შემდეგ, გიგანტური, არამფრენი ფრინველები მრავალჯერ ჩამოყალიბდნენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მათ შორის იყო „დემონი იხვები“ ავსტრალიაში და გასტორნისი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.

კვლევა Papers in Palaeontology-ში გამოქვეყნდა. მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.