თეა წულუკიანი: საბიუჯეტო თანხები დაიხარჯა ისეთ წიგნზე, რომელშიც ლექსები ანა კალანდაძეს განზრახ თუ უნებლიეთ მოჰპარეს და ელენე დარიანს მიაკუთვნეს

მინისტრი

ჩვენ აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, როცა საბიუჯეტო თანხები დაიხარჯა ისეთ წიგნზე, რომელშიც დარიანისადმი მიკუთვნებული არის ანა კალანდაძის არა ორი, არამედ სამი, თუ უფრო მეტი ლექსი, რომელიც ანა კალანდაძეს განზრახ თუ უნებლიეთ მოჰპარეს და ელენე დარიანს მიაკუთვნეს, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა  ერთ-ერთ გადაცემაში  განაცხადა.

„ასევე, გრიგოლ რობაქიძის ლექსი, ანა ახმატოვას, ლესია უკრაინკას და სხვების ლექსები. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზია. ვფიქრობ, ეს არ არის იმ ტიპის ხარვეზი ან შეცდომა, რომელსაც შეიძლება, უბრალოდ, ე.წ. სტიკერი დავაკრათ, რაზედაც მე თავიდან ვფიქრობდი კიდეც, რომ შეიძლებოდა, ყოფილიყო მისაღები. არც იმას დავმალავ და ამაზე საჯაროდ პირველად ვსაუბრობ, რომ ვერც დავიჯერე, რომ ამგვარი შეცდომების კასკადი შეიძლებოდა, ერთ წიგნში ყოფილიყო. მით უმეტეს, ისეთი რესპექტაბელური ორგანიზაციის ხელში შექმნილ წიგნში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია, მაგრამ რეალობა, ფაქტი ჯიუტია და ვერსად გავექეცით. ამიტომ ჩაითვალა, რომ კულტურის სამინისტროს და სახელმწიფოს სახელი ვერ ექნებოდა ამ წიგნს. შესაბამისად, ეს ტირაჟი შესაბამისმა ორგანიზაციამ დააბრუნა დონორთან, ანუ კულტურის სამინისტროსთან და თანხის დამატება მოითხოვა, რაც არ უნდა უცნაური იყოს. ბატონმა ლაშა ბაქრაძემ „მერე რა მოხდა“ მიდგომა იქონია და თქვა, ნუ, ასეთი შეცდომები იპარება, რა ვქნათ, მოდით, დაგვიმატეთ თანხა და ჩვენ გამოვცემთ ახალ წიგნსო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.