„იწვევს 8-წლიან (ან სამუდამო) დაზიანებას ნაწლავებში" - ბიძინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს
1784586863
25 იანვარი მიხა ხელაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების დღეა.
ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის 25 წლის წევრის პოეზია, ჩვენმა ქვეყანამ მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაიცნო. მისი ლექსები, როგორც სახალხო ისე ვრცელდებოდა. განსაკუთრებით კი მიხას ყველაზე ცნობილი ლექსი - "ლექსო ამოგთქომ, ოხერო"... მანამდე კი, საბჭოთა რეჟიმის საქართველოში, მის არსებობას საგულდაგულოდ მალავდნენ. ეროვნული გმირის წოდებაც 9 აპრილს მიენიჭა.
მის გამორჩეულობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ პოეტს დაბადების და გარდაცვალების რიცხვი ერთი აქვს, რასაც მესამე 25-იც ერთვის. მიხა 1900 წლის 25 იანვარს დაიბადა, ხოლო 1925 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა - უფრო სწორად, ადამიანებმა, რომლებსაც ენდობოდა, ჩარგალში მძინარე მოკლეს. მკვლელებს შორის იყო ვაჟა-ფშაველას შვილი ვახტანგ რაზიკაშვილიც.
1921 წელს დიაკვნის კაბა გაიხადა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს შეუერთდა. ამის შემდეგ კომუნისტური ხელისუფლებისთვის მიხა ხელაშვილი მუდმივი დევნის ობიექტი გახდა.
ფოლკლორისტი ამირან არაბულ მიხას უცნობ პოეტურ ტექსტს, სოციალური ქსელის მეშვეობით გვიზიარებს. ამავე პოსტშია ერთი უცნობი ფაქტიც ფშაველი პოეტის ცხოვრებიდან.
ამირან არაბული: - გაგა ჭინჭარაულის დოკუმენტური ჩანაწერების წყალობით მოაღწია ჩვენამდე მიხა ხელაშვილის ორმა პოეტურმა ტექსტმა: პირველი "თავისპირისაა", შარიან თანამეინახეთა გამკენწლავი კაფია, ხოლო მეორე - მოგვიანებით ლექსად გარდათქმული საყოფიერო ამბავი.
ამათგან არცერთი ნიმუში დღემდე გამოქვეყნებულ მიხა ხელაშვილის კრებულებში შეტანილი არაა.
ისტორია, რამაც კიდევ ორი დრამატული შტრიხით შეავსო ტყეში ყაჩაღად გასული ახალგაზრდა შემოქმედის არაორდინარული ბიოგრაფიული ქარგა, ამგვარი გახლავთ:
გიგია ჭინჭარაულის სახლში გამართულ წვეულებაზე,რომელსაც უკანახოელი ძმები გიგა და მგელიკა ჭინჭარაულებიც ესწრებოდნენ, მიხა ხელაშვილი გვიან მისულა. პურად მასპინძელს, ხევსურული წესისამებრ, ჯიხვის რქით შეუთავაზებია ე.წ."შემოსწრებისა". მიხას მოჩვენებითი თავპატიჟის გარეშე გამოუცლია ჟიპიტაურით სავსე მოზრდილი სასმისი და ფანდური მოუთხოვია (მას მთელი ფშავ-ხევსურეთი იცნობდა, როგორც ხალხურ და საკუთარ ლექსებზე შექმნილი სიმღერების კარგ შემსრულებელს). ამის გამგონე უკანახოელ გიგას "სიტყვამოსწრებულად" უთქვამს: "დიაკონს რაღა ფანდური უნდა,ალილუიას უფანდუროდაც იმღერებსო." რა იცოდა,ვისთან ჰქონდა საქმე!
მიხამ ფანდური "ააჟიჟინა" და დაიწყო: "ხევსურების ჯარზე ვზივარ, არ მოვსწონვარ ხოყანასა, ნეტა ჩხუბი გაახდია, გაუმარჯვა კოპალასა, ერთს კი ეგრე დავამტვრევდი, როგორც თიხის ქოთანასა."
გიგას ჭკუაში არ მოსვლია, არ მოსწონებია მუქარანარევი სიმღერა და სილა შემოუკრავს ხელაშვილისთვის: - მე მალექსე, მე მიგულისხმეო!
ჩარეულა სტუმარი და მასპინძელი. მომხდარი "გაუგებრობა" ხუმრობად მიუღიათ და შეურიგებიათ მოპაექრენი. და ბარისახოს ზემოუბანში შუაღამემდე გაგრძელებულა სწორ გზაზე დამდგარი ხევსურული ღრეობა.
გასულა რამდენიმე დღე და მიხას აი, ეს ლექსი გადაუცია გიგია ჭინჭარაულისთვის:
"შამოვხედ ბარისახოსა - ვიყავ ძალიან დაღლილი, შიშიათ გიორგის შვილსა ხალხი ჰყვანიყო შაყრილი. მისვლიყვნენ "კოჭლისშვილები", ქინთ მაეტანა გავსილი, მენაც იქ დამიპატიჟეს, გამუცდელი ვარ, ყმაწვილი. ღალატით დამკრა გიგამა, ღმერთმა დასწყიოს მაცილი, თუ ეგ შაგარჩინ, გიგაო, ნუ ვიყო დედის გაზრდილი!"
მიხა ხელაშვილი თავისი დიდი სულიერი წინამორბედის ზნეობრივი მრწამსისა და პრინციპის - "მაგრამ სტუმარი სხვის სახლში ვერ გაშლის ხათაბალასა" - მიმდევარი იყო და , თუკი დათმო, - უნდა ვიფიქროთ, - დათმო ღირსეული მასპინძლის ხათრისა და პატივისცემის გამო.შეხვდნენ თუ არა სადმე უსიერში ანდა "სასწორო გზაზე" გიგია ჭინჭარაული და ახადელი "ხელა", ეს უკვე უცნობია.