"კაცი ვარ და ქუდი მხურავს..." - ცოტამ თუ იცის, რომ ამ ლექსის ავტორია...

orera

"კაცი ვარ და ქუდი მხურავს, ქედს არ ვუხრი არავის, არც არავის ვემონები, არც ვბატონობ არავის" - ცოტამ თუ იცის, ვინ არის ტექსტის ავტორი, რომელზედაც გოგი ცაბაძემ სიმღერა დაწერა, "ორერა" კი ასრულებდა და მამაკაც მსმენელში ამოუხსნელ სიამაყეს აღვიძებდა.

ლექსი 60-იან წლებში სტუდენტმა გოგონამ, თამარ ერისთავმა შოტლანდიური პოეზიიდან თარგმნა. ლექსის ავტორი რობერტ ბერნსია. თამარ ერისთავი მარო მაყაშვილის დისშვილი იყო. მისი დიდი ბებია ეკატერინე გაბაშვილი გახლდათ.

ცოლი მყავს და ნამუსი მაქვს,
არ დავუთმობ არავის,
რქებს ვერავინ ვერ დამადგამს,
არც დავადგამ არავის.

ფულს დავხარჯავ თუ მაქვს ჩემი,
არ ვუმადლი არავის,
არა მაქვს რა გასაცემი,
არც სესხსა ვთხოვ არავის.

მე არავის ვემონები,
არც ვბატონობ არავის,
მტერს შიშველი ხმალით ვხვდები,
ქედს არ ვუხრი არავის.

გავიხარებ, გავლაღდები,
არ ვიდარდებ არავის,
თუ არავის ვენაღვლები,
არც მე ვნაღვლობ არავის.

რობერტ ბერნსი

პოეტი და მთარგმნელი თამარ ერისთავი

თამარ ლევანის ასულმა ერისთავმა 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1960–1973 წლებში მუშაობდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ინგლისური ენის კათედრაზე. 1974–1993 წლებში ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის ახალგაზრდა მთარგმნელთა სექციას. მონაწილეობდა მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის რედკოლეგიისა და შექსპირის სრული ქართული გამოცემის რედკოლეგიის მუშაობაში.

პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1954 წელს. პოეტურ კრებულთაგან აღსანიშნავია: „იარე მზეზე“ (1965), „იალკიალი“ (1981), „ვარსკვლავიანი ცის ქვეშ“ (1986).

თარგმნა და შეადგინა შოტლანდიური პოეზიის ანთოლოგია (1979), თარგმნა აგრეთვე რობერტ ბერნსის ლექსები (1959), „ლირიკა“ (1964), ჯ. ბაირონის, ჟაკ პრევერის, მ. ლერმონტოვის, ნიკოლაი ტიხონოვისა და სხვათა ნაწარმოებები. მისი ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე.

გარდაიცვალა 2014 წლის 8 იანვარს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.