"ჩვენი ნაცნობები, მეგობრები, ახლობლები ლამის 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, შედეგად კი იღებენ უღირს, დამამცირებელ ანაზღაურებას" - ერეკლე დეისაძე წალენჯიხის ბაზარში

erekle

წალენჯიხის ცენტრალურ ბაზარში ერეკლე დეისაძეს თბილი დახვედრა მოუწყვეს. სოციალური პოეზია ბაზარში - შეხვედრა ამ კონცეპტუალურ ლოკაციაზე, ავტორისთვის საინტერესო აღმოჩნდა.

"ოფლით გაპოხილ სხეულებს,
და გულს სავსეს დარდით,
მოშივდათ პური,
მაგრამ შიათ ასევე ვარდიც."

"ჩემი პოეზიის საღამო გაიმართა. დიდი ხანია ასეთი საინტერესო პუბლიკა არ მინახავს, ლექსების გარდა იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, სადაც ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ.
დიდი მადლობა წალენჯიხელებს თბილი დახვედრისთვის" - წერს დეისაძე სოციალურ ქსელში. 

ერეკლე დეისაძე: გავრცელებულია აზრი, რომ ქართველი ზარმაცია და ამიტომაც, მას არ აქვს შესაძლებლობა რეალიზდეს ცხოვრებაში, მაშინ, როცა ყოველდღიურობა სხვა რამეს ადასტურებს: ჩვენი ნაცნობები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები მუშაობენ ლამის 24 საათის რეჟიმში, ცხოვრების უდიდეს ნაწილს სწირავენ ამ მექანიკურ შრომას, შედეგად კი იღებენ უღირს, დამამცირებელ ანაზღაურებას, რადგანაც ბიზნესები ბატონობენ მათზე. საქართველოში შრომის ინსპექცია არ აკონტროლებს სამუშაო საათებს, სამუშაო პირობებს, დადგენილად არ არსებობს მინიმალური ხელფასის ოდენობა. მარკეტები სავსეა პროდუქტებით, იქ შეხვდებით განსაკუთრებულ სიჭარბესა და სიჭრელეს. მარკეტებთან კი დგანან მშიერი ადამიანები. ხოლო მარკეტებში მუშაობს ხალხი, ვისაც დახლზე თავის ჩამოდების ნახევარ საათიანი შესაძლებლობა და უფლებაც კი არ აქვს.