ვინ არის და რას საქმიანობდა მამაკაცი, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაჰქონდა ოდესიდან ვორონეჟში, საქართველოს გავლით

ანდრეი შარაშიძე

ანდრეი შარაშიძე, რომელმაც ოდესიდან ვორონეჟში 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების გადაზიდვის ორგანიზება მოახდინა, მანამდე ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა რუსეთში, მაგრამ ის საგადასახადო სამსახურის გადაწყვეტილებით დაიხურა. ამის შემდეგ ბიზნესმენი შეუერთდა უკრაინულ „ხალხის მსახურის“ პარტიას. იუწყება SHOT.
ტელეგრამის არხის ცნობით, ბათუმელმა მამაკაცმა 2014 წელს, რუსეთის ფედერაციაში დააარსა „შპს პალატინი“, რომელიც ვაჭრობდა პროდუქტით. ორგანიზაციის სათავო ოფისი, რომელიც ფუნქციონირებდა ხუთი წლის განმავლობაში, მდებარეობდა მოსკოვში. შედეგად, 2019 წლის ივლისში ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა დახურა „პალატინი“, რის შემდეგაც შარაშიძე პოლიტიკაში წავიდა. 
ცნობილია, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირებაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვარაუდობენ, რომ ორგანიზატორები ბრმად იყენებდნენ ადამიანებს - შესაძლოა, მათ არ სცოდნოდათ ბატარეის ყუთებში დამალული ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ. - წერს ტელეგრამ არხი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,თბილისში რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.

კონტრტერორისტული ცენტრის მიერ კომპლექსურად ჩატარებული მოქმედებების შედეგად, გამოკითხული მოწმეების ჩვენებებისა და ამოღებული აუდიო ფაილების საფუძველზე დგინდება, რომ ხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში შემოიტანეს საკონტროლო გამშვები პუნქტით „სარფი“ უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით და იგეგმებოდა მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტის „დარიალი“ მეშვეობით.

მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს აღნიშნული პუნქტიდან. ხოლო მეორე კონტეინერი - სამი ასაფეთქებელი მოწყობილობით, დატოვეს თბილისში კონკრეტულ მისამართზე. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ შეჩერებულ და ამოღებულ იქნა აღნიშნული გზავნილი იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყო საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე. საქმის მასალებით აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა. აღნიშნული პირი საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული პირებისთვის, გარდა შარაშიძისა, სავარაუდოდ ცნობილი არ იყო მანქანის აკუმულატორებში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და კაფსულ-დეტონატორების შესახებ.

 

ასევე ნახეთ:

ამოღებულია რამდენიმე ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება - სუსი

წონაში დაკლების მეთოდები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

"ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ..." - ნახეთ, ვისთვის იქნება წარმატებული ეს კვირა