საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან დღემდე 11 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა 7 მილიარდამდე ლარით დაფინანსდა

ექიმი

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 10 წლისაა. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 11 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდამდე ლარით დაფინანსდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამით ფინანსდება, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებები: კარდიოქირურგია, გეგმური ქირურგიული მომსახურება, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ონკოლოგია, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის იმუნიზაცია, ოჯახის ექიმის და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება, აუცილებელი გამოკვლევები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები და სხვა.

„სახელმწიფო აგრძელებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მოცვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობას, რათა პროგრამის რესურსით კიდევ უფრო ეფექტურად მოხდეს მოსახლეობის მრავალმხრივი საჭიროებების მოცვა, სწორედ ამ მიზნით პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი მოქმედებს.

გარდა ამისა, 2025 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს. საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის საერთაშორისო სტანდარტებზე.რეფორმების მიზანია მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

✕